მომავალი წლის მაისი-ივნისისთვის, რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება

“როგორც მიდის ტურისტი სხვაგან, ასევე შეგიძლიათ ჩახვიდეთ რუსეთშიც. ეს არის გამარტივება. თუ უფრო არ დავძაბავთ ურთიერთობას, სავიზო რეჟიმი გაუქმდება იმ წლის მაისი-ივნისისთვის,” – აღნიშნული განცხადება, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრებისას განხილულ საკითხებზე და შედეგებზე საუბრისას გააკეთა. 

გიორგი ლომიას განმარტებით, შეხვედრაზე იმსჯელეს, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებაზე და საქართველოში, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, შეხვედრის შედეგად, მოიხსნა აკრძალვა საქართველოდან რუსეთში, პროდუქციის შეტანაზე, ხოლო დეკემბრიდან, რუსეთთან სავიზო მიმოსვლა გამარტივდება. 

როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2020 წლის მაისის ბოლოს, რუსეთ-საქართველოს შორის, სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც უნდა ველოდოთ. მისი თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება აქამდეც უნდა მომხდარიყო თუმცა, საქართველოში 20 ივნისის ღამეს განვითარებულმა მოვლენებმა, ეს პროცესი შეაფერხა. 

“განვიხილეთ ბოლო პერიოდში განვითარებული საკითხები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ვიმსჯელეთ. შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ მოიხსნა აკრძალვა პროდუქციის შეტანაზე საქართველოდან რუსეთში, ასევე ტურისტული კომპანიები იწყებენ მუშაობას მაგრამ, სამწუხაროდ, ამ წლის ტურისტული სეზონი ჩავარდნილია და ამას ვეღარ ვუშველით. ვისაუბრეთ სავიზო რეჟიმზეც. ვიზების მიღება დეკემბრიდან გამარტივდება. თუმცა, ვაპირებთ კიდევ ჩავიდეთ და სავიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმებაზე ვისაუბროთ. იყო ამაზე საუბარი ადრე და თითქმის უკვე მივაღწიეთ შედეგს 20 ივნისის ღამე, რომ არ ყოფილიყო. აქამდე, ვიზის მისაღებად ნათესავი უნდა გყოლოდა, ან ოფიციალური მოწვევა უნდა გქონოდა რუსეთში, რომ ჩასულიყავი. ახლა ეს აღარ იქნება საჭირო,” – განაცხადა გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

 გიორგი ლომიას განცხადებით, საჭიროა რუსეთთან რიტორიკის შეცვლა და დიალოგი.

“ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ რიტორიკა უნდა შეიცვალოს. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ამ დაძაბული რიტორიკით, რასაც მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში, ეს არის ის, რომ სოხუმშიც და ცხინვალშიც ჩვენ, იგივეს გვეძახიან რასაც აქედან ვეძახდით რუსეთს. ამას კარგი არაფერი მოაქვს,”- განაცხადა გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”. 

მსგავსი თემები