“მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა ნაკლებია, მშვიდი ვითარება არ გველოდება “ – ზვიად ძიძიგური

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური პოზიცია-ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის ჩაშლის არგუმენტი მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდომი ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებაა.

როგორც ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  არჩევნებამდე მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გველოდება.

„მოლაპარაკებას, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ეტაპებად მიმდინარეობდა, პერსპექტივა ძალიან ნაკლები აქვს. უგულავას დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ოპოზიციისათვის და მათი არგუმენტები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომის დროს დააპატიმრეს ერთ-ერთი ლიდერი, მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთაშორისო თანამეგობრობა და დასავლელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ისინი მოწადინებულნი იყვენენ, მოლაპარაკება შედეგით დასრულებულიყო, რომ სუბიექტები შეთანხმებულიყვნენ , მისულიყვნენ კონსესუსამდე“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, არჩევნებამდე, ქვეყანაში მშვიდი ვითარება არც გველოდება.

„რასაც ვხედავ, რა პოლიტიკური პროცესებიც მიმდნარეობს ქვეყანაში, მშვიდი პერიოდი არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას რა  ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს. საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრება არასტაბილურია და წინასწარ ვერავინ იტყვის,  თუ როგორი არჩევნები ჩატარდება, დაძაბულობის პიკი როგორი იქნება. არადა, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ქვეყანაში, მაგალითად, როცა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვალა; როცა მოსამართლეები უვადოდ დანიშნეს, მაგრამ, ამ ნაბიჯით, რომელიც უგულავას უკავშირდება, არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება.  შალვა თადუმაძემ,  გენერალური პროკურორის რანგში წაუყენა ბრალი და მოსამართლის რანგში გაასამართლა“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები