მოლაპარაკება შედგა, აქცია გარკვეული პირობით დაიშალა 

 

შინაგან საქმეთა მინისტრსა და აქციის ორგანიზატორების შეხვედრის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიშალა. მინისტრმა ბოდიშიც მოიხადა და განაცხადა, რომ თუ დაპირება არ შესრულდა, მათ ყოველთვის შეეძლებათ შეკრება, ცეკვა თუ მუსიკის მოსმენა.

„ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ დაპირებები არ შესრულდება, ყოველთვის შეგვეძლება, თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – აღნიშნა მინისტრმა.

შს მინისტრი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ დილის 10:00 საათზე, აქციის მონაწილეთა წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განიხილავს პარასკევს მომხდარს და ყველა იმ ადამიანის უფლება იქნება აღდგენილი, ვისიც სპეცოპერაციის დროს დაირღვა.
“გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით,“- განაცხადა გახარიამ.

შეთანხმება შედგა კონტრაქციის მონაწილეებთანაც. „ეს არის ახლა ჩვენთვის მთავარი. ჩვენი ამოცანაა მართლწესრიგი და მოქალაქეების უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომელ აქციაზე იმყოფებიან ისინი. მე მადლობა მინდა გადავუხადო ერთ მხარესაც და მეორე აქციის მონაწილეებსაც, რამეთუ ისინი გაგებით შეხვდნენ ამ წინადადებას და აძლევენ პოლიციას საშუალებას, აღასრულოს მოვალება“, – განაცხადა გახარიამ.

​ხვალ დილით, რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება ვერავინ, – ასე მიმართა „ქართული მარშის“ ლიდერებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლებმაც განუცხადეს, რომ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქციის შემდეგ პარლამენტის წინ ისინი დადგებოდნენ.

“ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა, რომ დღეს ეს საღამო მშვიდობიანად დავასრულოთ. თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ, ამ მოედანზე არ შეუზღუდავს არავის. ასევე, იცით, რომ თითოეული პოლიციელი დღესაც და გუშინაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი, საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები