“მოკლულის მეუღლემ, უსამართლოდ გასამართლებულის შეწყალებას თანხმობა უანგაროდ განაცხადა” – ადვოკატი

მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მეუღლე, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, თანახმა იყო რამაზ დევაძე შეეწყალებინათ. როგორც რამაზ დევაძის ადვოკატმა, ირაკლი გაბრიჭიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თარაშ მუკბანიანის მეუღლემ, სრულიად უანგაროდ, მის უფლებადამცველებს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, დევაძის შეწყალებაზე.

“წარდგენილ ბრალდებაში, რამაზ დევაძე უდანაშაულო იყო. მუკბანიანის მეუღლის პოზიცია ჩემთვის ცნობილი გახდა 2018 წელს. მან სრულიად უანგაროდ და ყოველგვარი შეთავაზების გარეშე, დევაძის შეწყალებაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული თავადვე მივიდა ნოტარიუსთან, რის შემდეგაც, წარმოგვიდგინა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა შეწყალებაზე,” – განაცხდა რამაზ დევაძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

კითხვაზე, რის მიხედვით  მიიღო დაზარალებულმა მეუღლემ აღნიშული გადაწყვეტილება, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეს მოხდა მას მერე, რაც მეუღლე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და ვიდეომასალას გაეცნო.

„მტკიცებულებების გაცნობის შედეგ, როგორც ჩანს, მეუღლე დარწმუნდა, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და ეს იყო აუცილებელი მოგერიება“ – განაცხადა ადვოკატმა. ირაკლი გაბრიჭიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით უშუალოდ რამაზ დევაძემ მიმართა.

“მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით, უშუალოდ შეიტანა მსჯავრდებულმა. უსამართლო სასამართლოს პირობებში, ერთადერთი საშუალება სწორედ პრეზიდენტის შეწყალებაა. რამაზ დევაძე კი, კონკრეტულ მომენტში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა,” – განაცხადა უფლებადამცველმა.

 შეგახსენებთ, რომ გუშინ, გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის მეუღლე, დაკითხვაზე, პროკურატურაში იმყოფებოდა. მან საგამოძიებო უწყება უკომენტარო დატოვა. პირველად “მედიაცენტრ მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამაზ დევაძის შეწყალების საქმეშ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ერთ-ერთ დოკუმენტად დაზარალებულის თანხმობის წერილიც იყო.

მსგავსი თემები