მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საპარლამენტო ცხოვრება გართულდება – გზავნილი პარლამენტის ვიცე-სპიკერს

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, თადარიგის ოფიცერი და 2008 წლის ომის მონაწილე დავით ნემსაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო ცხოვრება გართულებით ემუქრება.

დავით ნემსაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თამარ ჩუგოშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ როცა ვიცე-სპიკერი დისკრიმინაციულს პატრიარქის სიტყვებს უწოდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ იცის რა არის დისკრიმინაცია.

“დისკრიმინაციაა, როცა ომის ვეტერანს 7 ევრო აქვს შემწეობა თუ დანამატი; დისკრიმინაციაა, როცა ქვეყნის დამსახურებულ პენსიონერს 70 ევრო აქვს პენსია, როდესაც 34 წლის ჩუგოშვილს, რომელიც არ ცნობს ამ ქვეყანაში ღირებულებებს 7 000 ევრო აქვს ხელფასი და არ იცის რისთვის”, – აცხადებს დავით ნემსაძე. ​

მისივე შეფასებით, ის, ​რაც საკანონმდებლო ტრიბუნიდან იხილა საზოგადოებამ, იყო შეურაცხმყოფელი ფაქტი, არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მიმართ, არამედ უმცროსი თაობის ადამიანის მხრიდან, უფროსი თაობის ადამიანის მიმართ უპატივცემულობის მაგალითი.

“ეს იყო ფაქტი, როცა შვილის ტოლმა ადამიანმა მამის ტოლს საუბარი არ აცადა. ასეთი დაუფასებელი დამოკიდებულება საქართველოში აქამდე არ ყოფილა. როგორ შეიძლება ერის სულიერი მამის სიტყვები ეროვნულ იდეასთან არათავსებადი და მისი საწინააღმდეგო იყოს. ან როგორ შეიძლება უწოდო პატრიარქს მოძალადე და დისკრიმინატორი. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, როდესაც ჩემს უკან დგანან სისტემის მიერ გაუბედურებული ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიული დაცვის გამო თავის ტყვიები მიიღო. თამარ ჩუგოშვილმა მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საპარლამენტო ცხოვრება გართულდება. როცა ამას ვამბობ, ჩვენ ვსაუბრობთ ღირსებისა და მორალის ფარგლებში”, – აცხადებს დავით ნემსაძე.  

მისივე თქმით, იგი პროტესტის ყველა იმ ფორმას გამოიყენებს, რასაც დემოკრატია ცნობს.  

მსგავსი თემები