მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

“15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს” – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს “კავკასიის მედიცინის ცენტრთან” განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია გადაყვანილი.

ადვოკატის თქმით, ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა მუხლს, რითაც ჩოლოიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, არ ეთანხმება, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

მისივე თქმით, მარიანა ჩოლოიანს კანონით დადგენილ ვადაში, 48 საათის განმავლობაში წარედგინება ბრალი, ეს დრო კი ხვალ იწურება.

ადვოკატის თქმით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, შესაბამისად, ის შემდგომი მკურნალობისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არათუ მარიანა ჩოლოიანის, არამედ არც ერთი პოლიციელის მხრიდან, პოლიციის განყოფილებაში, არასრულწლოვნის მიმართ არ განხორციელებულა იძულების, მუქარის თუ კანონით სხვა გაუთვალისიწინებელი ქმედება. უფრო მეტიც, არც ერთი სხვა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, რაიმე სახის შენიშვნა არც არასრულწლოვნის მხრიდან, არც მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირებული არ არის. სწორედ კანონიერი წარმომადგენელი გამოთქვამდა სურვილს, რომ არასრულწლოვანს საგამოძიებო ორგანოსთან კვლავ ჰქონოდა კავშირი”, – განაცხადა თეონა გვაზავამ.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს, როდესაც ოჯახი ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე ზეწოლა განხორციელდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის შეფასება.

“თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა გამოძიებლისა და საგამოძიებო ორგანოდან იძულების ან ზეწოლის განხორციელების ფაქტი, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ აღნიშნულის შესახებ დაეფიქსირებინათ და შეეტანათ შესაბამისი შენიშვნები, რაც დაფიქსირებული არ არის არა თუ პირველ დღეს, როდესაც იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, არამედ მეორე დღესაც”,- განაცხადა თეონა გვაზავამ.

მისი თქმით, მეორე დღეს საგამოძიებო ორგანოში არასრულწლოვნის გამოცხადების ინიციატორი გახდა მისი კანონიერი წარმომადგენელი.

“შესაბამისად, კითხვა მარტივია, თუ წინა დღეს მის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, ბუნებრივია, შეუძლებელია ოჯახის წევრმა სურვილი გამოთქვს, რომ მეორე დღეს, საკუთარი სურვილით მივიდეს საგამოძიებო ორგანოში. მეორე დღეს გამოკითხვა არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ზეპირი გასაუბრება იყო. ამის შემდეგ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ არასრუწლოვანი რაიმე სახის ჩვენებას არ აძლევდა საგამოძიებო ორგანოს. საყურადღებოა შემდეგი ფაქტი, რომ მარიანა ჩაოლოიანი არასრულწლოვანს ეკონტაქტება პოლიციის განყოფილებაში კამერების მეთვალყურეობის ქვეშ. არასრულწლოვანი მისი კანონიერი წარმომადგენლის თვალთახედვის არეში იმყოფებოდა. აღნიშნული ფაქტი ჩანაწერებით დასტურდება”, – განაცხადა გვაზავამ.

მსგავსი თემები