“მოვიძიეთ სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორი, რომელიც მზადაა ეკლესიას საჭირო სადეზინფექციო მასალა უფასოდ გადასცეს” – ამირან გამყრელიძე

“მოვიძიეთ სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორი,  რომელიც მზადაა ეკლესიას საჭირო სადეზინფექციო მასალა უფასოდ გადასცეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს უკვე აქვს და მათგან პასუხს ელიან.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებრივ ჰიგიენაზე, ეს ეხება ყველა დაწესებულებას. საზოგადოებრივი ჰიგიენა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველგან. დეზინფექციები, სველი წესით დალაგება და ა.შ. – ეს ეკლესიებში ტარდება.

გუშინ ერთ-ერთმა მეუფემ გააკეთა განცხადება, რომ თუ მოგვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მზად ვართ, რომ ეკლესიებში შესაბამისი პროცედურები ჩავატაროთო. ამის შემდეგ, როდესაც ჩვენმა პიარსამსახურმა ეს ინფორმაცია მოგვცა, დავალება მივეცით გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს. რამდენიმე ბიზნესმენს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ამ პერიოდში შემოგვეხმიანენ, შემოგვთავაზეს თანხა, რომ გამოგვეყენებინა აქტივობებისთვის, ერთმა შემოგვთავაზა სტამბა, რომ თუ გინდათ დაგიბეჭდავთ საპრომოციო მასალასო, რა თქმა უნდა, უფასოდ. ამიტომაც გავბედე და მივმართე ამ სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორს, ხომ არ არის საშუალება, რომ საპატრიარქოს ქველმოქმედებით გადავცეთ გარკვეული რაოდენობის საშუალებები და თანხმობა განაცხადა ერთ-ერთმა. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრიარქოს, რომ არის მზადყოფნა, თუ გვეტყვიან სად, რომელ ტაძრებში, ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ ამ ბიზნესმენის საშუალებით შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები. მათ გვითხრეს, რომ შემოგვეხმიანებიან. სხვა ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები