“მოვითხოვთ, პრეზიდენტობის კანდიდატებმა შრომის პოლიტიკაზე საკუთარი ხედვები წარმოადგინონ” – სოლიდარობის ქსელი

სოლიდარობის ქსელი – ალტერნატიული პროფკავშირის წევრები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისგან, შრომის პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების წარმოდგენას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში შრომის პოლიტიკა მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული, დასაქმებულთა უმრავლესობა მუშაობს 50, 60, 70 საათი კვირაში, თუმცა მათი ანაზღაურება არ შეესაბამება გაწეულ სამუშაოს.

როგორც ორგანიზაციის წევრებმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოში უხეშად ირღვევა შრომის კოდექსი. იქმნება დაბალხარისხიანი სამუშაო ადგილები გრძელი სამუშაო გრაფიკითა და დაბალი ხელფასით, დასაქმებულებს არ აქვთ გაწეული სამუშაოს შესატყვისი ხელფასი, უწევთ მძიმე პირობებში მუშაობა, ზეგანაკვეთური სამუშაო კი უმეტესად არ უნაზღაურდებათ. მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები განაპირობებს შრომითი მიგრანტების რაოდენობის ზრდასა და დემოგრაფიულ კრიზისს. ქვეყანა ხალხისგან ცარიელდება. მთავრობა კვლავ ბიზნესის მხარეს იჭერს.

“დღეს, როდესაც მიმდინარეობს წინასაპრეზიდენტო არჩევნების კამპანია, ხშირად გვესმის პრეზიდენტობის კანდიდატებისგან განცხადებები სხვადასხვა საკითხებზე, იქნება ეს საგარეო პოლიტიკა თუ სხვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის შრომის პოლიტიკა, გამოტოვებულია დღის წესრიგიდან. ეს არის დღეს უმთავრესი საკითხი, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს შრომის პოლიტიკის კრიზისი. ეს არის განპირობებული იმით, რომ დღეს არ არსებობს დაბალანსებული, მშრომელთა კეთილდღეობაზე მორგებული შრომის პოლიტიკა. მთავრობა კვლავაც და კვლავაც აწარმომებს იმგვარ პოლიტიკას, რომელიც მორგებულია მაქსიმალურად დამსაქმებლის ინტერესებზე და დასაქმებული ინტერესები უგულვებელყოფილია, ქვეყანაში იზრდება სიღარიბის დონე”, – აცხადებს “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენელი რევაზ კარანაძე.

მისივე ინფორმაციით, Unicef – ის 2017 წლის მსოფლიო კეთილდღეობის კვლევის მიხედვით – 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, საქართველოში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა. ხოლო,  ღარიბთა რიცხვმა 124 ათასი კაცით იმატა.

2013 წლიდან შრომის კოდექსში გარკვეული ცვლილებები შევიდა. რაც მიზნად ისახავდა დასაქმებულთათვის უკეთესი შრომის პირობების დადგენას. თუმცა, სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელთა თქმით, კანონი არ სრულდება. ყველაზე პრობლემატური კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესია.

“40 საათიანი სამუშაო კვირა კანონით გათვალისწინებულია, თუმცა პრაქტიკაში ბევრად მეტ საათებს მოიცავს. დაუდგენელია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი, რაც დამსაქმებელს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს; კანონი ასევე 48 საათიან სამუშაო კვირასაც ადგენს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის, რომელიც ზოგადია, ფაქტობრივად, მთელ შრომის ბაზარს მოიცავს და ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. გაურკვეველია სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებს შორის რატომ მოიაზრება სავაჭრო ობიექტები”, – აცხადებს სოლიდარობის ქსელის წევრი ​გურამ ჩხიკვიშვილი.

მსგავსი თემები