მოვერიდოთ მწერებს, დავიცვათ ჰიგიენა – პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონზე დაავადებების რისკის შესახებ

სსიპ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის” ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად მოსახლეობას ურჩევს დაიცვან ჰიგიენა, განსაკუთრებით ბუნებაში “პიკნიკზე” გასვლისას, რადგან არსებული პერიოდი არის ტკიპების გააქტიურების სეზონი და კბენის რისკი მაღალია.

როგორც მედიაცენტრსმთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, ზაფხულის სეზონზე მაღალია დაავადებათა მაჩვენებელი, რომლის 25% ვრცელდება დაუბანელი ხელით. ამას ემატება პროდუქტების არასათანადო შენახვა, მაცივრის გარეშე დარჩენილ სალათებსა და რძის პროდუქტებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან.

​პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, სალათის ან რძის პროდუქტების მოთხოვნისას დაინტერესდნენ, ისინი არის თუ არა მაცივარში ნამყოფი, ხოლო ბუნებაში გასვლის მოყვარულებს ურჩევს, სხეულზე წაისვან მკბენარისგან დამცავი სპეციალური საცხი. დამცავი ზომები განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში მიიღონ, რადგან ტკიპას ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ან ნაკბენიდან შეიჭრას ინფექცია.

“ზაფხულის სეზონზე დაუბანელი ხელებით გავრცელებული დაავადება მატულობს. ამას ემატება ის, რომ ადამიანები ბუნებაში გადიან, პროდუქტების შენახვა ზაფხულში მაცივრის გარეშე ძალიან საშიშია, ბაქტერიები, რომლების მწვანილში ყოველთვის არის, მაიონეზში ან რომელიმე  სალათში მოხვედრისას შესაძლოა ერთი-ორად გამრავლდეს, მითუმეტესმ თუ საკვები,  რამდენიმე საათის განმავლობაში უმაცივროდ იქნება. მალფუჭებადი პროდუქტი ზაფხულში უნდა იყოს მაცივარში. კრემიანი ნამცხვრებისა და ქათმის სალათების მირთმევისას  უმჯობესია ვნახოთ, რომ ისინი ახალი გამოღებულია მაცივრიდან”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძემ დაავადებების გამავრცელებელ სხვა მწერებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად ზღვისპირა ქალაქებში სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარეობს კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. ასევე, ბოლო ხანებში საქართველოში არ დაფიქსირებულა მუცლის ტიფის შემთხვევა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ, უცხოეთიდან შემოსულმა საქართველოს მოქალაქემ შემოიტანა.

რაც შეეხება ფაროსანას, პაატა იმნაძის თქმით, ეს მწერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, არ იკბინება.

“ერთადერთი შეიძლება სუნმა შეგაწუხოთ, მაგრამ გირჩევთ, სადაც ნახავთ მოკლათ, რომ ერთის ადგილას რამდენიმე ათეული ვრცელდება, ან საპნიან წყალში ჩააგდოთ და მაშინვე კვდება”, – აცხადებს იგი.

მსგავსი თემები