მობილურ კომპანიებს, რომლებიც უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს, ზღვრულ ტარიფებს დაუწესებენ

 კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, იმ მიზნით, რომ დაარეგულიროს საცალო ბაზარი და კომპანიებს, რომლებიც უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს, ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესონ. 

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, კომისია არ დაუშვებს, დიდმა კომპანიებმა ბაზარზე მათი ძალა და უპირატესობა მომხმარებლების საზიანოდ გამოიყენონ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანიები კვლევის დასრულებამდე გააძვირებენ ტარიფებს, აუცილებლად, კანონზომიერების ფარგლებში დააბრუნებენ მათ. გამოიყენებენ კანონით მონიჭებული ბერკეტებს.

„ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენონ ეს ძალაუფლება. ამიტომაც, საჭიროა რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და ჩვენ სწორედ ასე ვიქცევით, კომისიას ყველანაირი ბერკეტი გააჩნია, რომ ეს სფერო სწორად მართოს და გარწმუნებთ, ამას აუცილებლად გააკეთებს“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კონკურენცია შესუსტდა, შედეგად გაჩნდა რისკი, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა  თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ. დასუსტდა კონკურენცია, ბაზრიდან გავიდა “თელია სონერა”, “სილქნეტმა” შეისყიდა “ჯეოსელი”, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, როცა “თელია სონერა” გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა “ჯეოსელი”.

კაბა ბექაურის თქმით, ასევე, “ბილაინს” არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ამ ორ კომპანიას კონკურენციას ვერ უწევდა, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა.

“ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – აცხადებს კახა ბექაური. 

მსგავსი თემები