“მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, აშენდეს” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ცუგოშვილი ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი უნდა აშენდეს. ამავე დროს, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბანკო სისტემა იყოს სანდოობის და სიმყარის მქონე.

„როგორც პარლამენტის წევრმა ვიცი, რომ ორივე საკითხი არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს და მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ საბანკო სისტემა იყოს სანდოობის და სიმყარის მქონე, იმიტომ, რომ ამის ჩამოშლას მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, როგორ წავა გამოძიების პროცესი,  როგორ გასცემს ის კითხვებზე პასუხებს, ეს  ცალკე საკითხია და კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს.

„ძალიან კარგია, რომ ამ ყველაფერში ჩართული არიან უცხოელი ექსპერტები, სწავლობენ და აფასებენ საქმეს. დანაშაულის შემადგენლობა რამდენად არის და თუ არ არის, ეს მათი მოკვლევის საკითხიც არის და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპეტენტური აზრი იყოს და კითხვები არ დარჩეს კონკრეტული სისხლის სამართლის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ პორტი აშენდეს, ქვეყანას ჰქონდეს ეს შესაძლებლობა და გამოიყენოს ის მაქსიმალურად, მაგრამ ამავე დროს, ეს პორტი არ იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ გადაიფაროს სხვა რაღაც კონკრეტული ქმედება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდა“,  – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.​

მსგავსი თემები