“მმართველ გუნდს არ შევუქმნით ფუფუნებას, პროპორციულ სისტემაზე უარი თქვას” – ლევან სამუშია

„თავისუფალი დემოკრატები“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მნიშვნელოვან მონაპოვარს უწოდებენ და კონსტიტუციური ცვლილების პროცესში მაქსიმალურად ერთვებიან. როგორც “თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა ლევან სამუშიამ „მედიცენტრ მთავარში“ განაცხადა, მთავარია სისტემის შეცვლა, სხვა დეტალებზე მათ პრინციპული  პოზიცია არ ექნებათ.

„ჩვენი „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი მოთხოვნაა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ხოლო, ის დეტალები, რა დეტალებზეც მმართველი გუნდი არის ჩაჭიდებული,  ნულოვანი ბარიერი თუ უბლოკო სისტემა, პრონციპული არ არის. მთავარია ის, რომ  მმართველ გუნდს, ჩვენ არ შევუქმნით ფუფუნებას, ტექნიკური საკითხების საბაბით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უარი თქვას. ეს არის ოპოზიციის და ჩვენი, „ თავისუფალი დემოკრატების“ პრინციპული პოზიცია. გვექნება დისკუსია, მაგრამ, კიდევ და კიდევ, მმართველ გუნდს არ მივანიჭებთ სიამოვნებას, რომ რაღაც საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, საბოლოოდ, უარი თქვან ამ მონაპოვარზე“, – განაცხადა ლევან სამუშიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია თუ არა, კენჭისყრაზე საკითხის ჩავარდნა, სამუშია პასუხობს, რომ თუ ასე მოხდა, ეს იქნება ხელოვნური პროცესი.

„თუ ასე მოხდა, ეს იქნება გარკვეულწილად ხრიკი, გათამაშებული მათი მხრიდან. თითქოს,  გარკვეულ დეპუტატები მხარს არ უჭერენ პროპორციულ სისტემას და ისინი თითქოს დამოუკიდებლად მოქმედებენ. საზოგადოება ამას და არ მიიღებს“ – აღნიშნა ლევან სამუშიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები