“მმართველი პარტია მზადაა მოლაპარაკება ცალკეულ პარტიებთან დაიწყოს” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია მზადაა მოლაპარაკება ცალკეულ პარტიებთან დაიწყოს.

“ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მზად ვართ, სხვადასხვა, ცალკეულ პარტიებს ცალკე შევხვდეთ, ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე. ამ ყველაფრის განხილვა უნდა მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციისგან კომპრომისული წინადადების შეთავაზებას დღემდე ელოდება. 

“დღემდე ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ კომპრომისულ წინადადებას, რასაც, ასევე ელოდება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ისინიც მოუწოდებენ დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებისკენ ჩვენს ოპონენტებს. თუმცა, მათ ამის პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, არ აქვთ აღებული საკუთარ თავზე. ერთმანეთში ამაზე ვერ რიგდებიან და  რევოლუციურ სცენარს ავითარებენ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები