მკვლელობის ადგილას ამერიკულ ოჯახს შევხვდით, კარგად იცნობდნენ ხეობას – ვასილ მამულაშვილი

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ხეობაში სმიტები მხოლოდ ტურისტული მიზნით არ ყოფილან და მათ იქ ყოფნას გარკვეული მიზანი ჰქონდა. თავიანთ ვარაუდს ადვოკატები სასამართლო სხდომაზე ფოტო და აუდიო მასალასთან ერთად წარმოადგენენ, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართება.

როგორც კობაურის ადვოკატებმა ვასილ მამულაშვილმა და ალექსანდრე კობაიძემმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, 11 ნოემბერს იმყოფებოდნენ ხადას ხეობაში და მკვლელობის ტერიტორიის მიმდებარედ ამერიკელებს შეხვდნენ. მათ განაცხადეს, რომ სმიტების მკვლელობის შესახებ იცოდნენ, თუმცა ასევე კარგად ნაცნობი იყო მათთვის ხეობაში არსებული ბილიკები.

“მკვლელობის ადგილას შეგვხვდა ამერიკელი ოჯახი, რომლებსაც გავესაუბრეთ. მათ განაცხადეს, რომ აქვთ ინფორმაცია სმიტების მკვლელობის შესახებ. გარკვეული ეჭვები გაგვიჩნდა, ამას სასამართლოსთვის დავიტოვებთ. ცალსახაა, რომ ამ შემთხვევაში მათი მიზანი ტერიტორიის დათვალიერება და ტურისტული მოგზაურობა არ არის. მკვლელობის ადგილზეც სანახავი უკვე აღარაფერია. იგივე ადგილას, ისევ ამერიკელები – შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მათ ჩვენზე კარგად იცოდნენ ხეობაში სამოძრაო ბილიკები. ამერიკელი მამაკაცი საუბრობდა ქართულად. მათ არ ჰქონიათ ჩანჩქერების მიმართ ინტერესი. დეტალური ვიდეო და ფოტო მასალა გვაქვს მათთან შეთანხმებით მოპოვებული და ამას სასამართლოზე გამოვიყენებთ”, – აცხადებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს, პროკურატურამ ბრალი სრულებით უსაფუძვლოდ და ახალი მტკიცებულებების გარეშე დაუმძიმა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დაშვებაც.

​​მთლიანად შეცვლილია ბრალდება. მკვლელობის მოტივად აქამდე იარაღის გამო შელაპარაკება თუ სახელდებოდა, რომელიც თურმე კობაურს უსაფრთხოდ არ ჰქონდა გადაკიდებული, ახლა ლორა სმიტის მიმართ სექსუალური ლტოლვით დამძიმდა. აღნიშნული არანაირ ლოგიკურ მსჯელობას არ ექვემდებარება.

აქამდე ბრალდება აგებული იყო კობაურის ჩვენებაზე და იმის გამო, რომ ის რეალობასთან შესაბამისობაში რომ არ მოვიდა, ბრალდებულის ჩვენებიდან ამოიღეს ცალკეული წინააღმდეგობრივი დეტალები. საწყის ეტაპზევე ბრალდება იყო აბსურდული. დამატებით მტკიცებულებები არ გამოკვეთილა. პროკურატურის დაზუსტებულ ბრალს​ საფუძვლად უდევს ​ივლისში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი, თითქოსდა ქალის უკანა ტანიდან ამოღებულია კობაურის სპერმა”, – აცხადებს ვასილ მამულაშვილი.

სასამართლო სხდომაზე, რომელიც 5 დღეში გაიმართება, დაცვისა და ბრალდების მხარე მტკიცებულებებს გაცვლიან და გამოიკვლევენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ხადას ხეობაში, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი ბავშვი მოკლული იპოვეს. პოლიციამ ცხელ კვალზე ადგილობრივი მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავა.

 

მსგავსი თემები