“მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ონლაინ მიღწევადობა მოზარდთათვის, ზღვარგადასული რეკლამები მოითოკოს” – ნათია ფანჯიკიძე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სანდრო ბერაძის გარდაცვალებამ ყველა შეძრა და მომხდარმა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კიდევ უფრო გაამძაფრა.

საზოგადოება ერთხმად მოითხოვს, გამკაცრდეს რეგულაციები აზარტულ თამაშებთან მიმართებაში. ამ აზრზეა ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე. 

ფანჯიკიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მკაცრი რეგულაცია უნდა გავრცელდეს ასაკობრივ ჯგუფებზე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ონლაინ მიღწევადობა მოზარდებისთის.

“ყოველდღე საგანგაშოდ იზრდება ლუდომანიის (აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანთა) რიცხვი. დაავადება იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოდგენა შეუძლია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში გაუცნობიერებელ ხალხს. გარდა იმისა, რომ მკაცრი რეგულაცია უნდა გავრცელდეს ასაკობრივ ჯგუფებზე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ონლაინ მიღწევადობა მოზარდთათვის, ზღვარგადასული რეკლამები მოითოკოს და ა.შ.

უნდა ჩატარდეს სპეციალისტების შეხვედრები და შედგეს პრობლემის გადაძლევის სახელმწიფო გეგმა. კამარას (ჩვენს ცენტრს) აქვს დამოკიდებულებით დაავადებებთან ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილება, რომელსაც სიხარულით გავუზიარებთ ყველას, ვისაც ეს ეხება.

ასევე, კარგი იქნება, თუ ყველა ტოტალიზატორს და კაზინოს ექნება, მკურნალობის დაფინანსების კეთილი ნება მათთვის, ვისაც ეს დაავადება სოციალური სიდუხჭირის გამო შემოეპარა,”,- წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა.

სანდრო ბერაძის ცხედარს გუშინ, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე მიაგნეს. ახლობლები სანდროს გაუჩინარების მიზეზად მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ასახელებდნენ.

მსგავსი თემები