მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ჩაძირვაზე მუშაობს? – დიმიტრი ხუნდაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძეს მოსაზრებით, უკრაინასა და ევროპაში ხელმოცარული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს, თუნდაც ციხეში ჩაჯდომის ფასად, ეს კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეალური დასასრული იქნება.
დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ყოველი მსგავსი გამოსვლა მოსახლეობას, იმ მინელებულ სიბრაზეს უღვიძებს, რა განწყობითაც, 2012 წელს ჩამოაცილეს მისი პარტია ხელისუფლებას.
დეპუტატის აზრით, რაც ვერ გაუკეთა „ქართულმა ოცნებამ“ “ნაციონალურ მოძრაობას”, უკეთებს საკუთარი თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი.
“არა მგონია, რომ ეს  სააკაშვილს  გააზრებული არ ჰქონდეს, უბრალოდ, მას ახლა მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავს გადასარჩენი და ამისთვის ყველაფერს იმეტებს. მან ქვეყანა გაიმეტა საკუთრი მიზნებისთვის და პარტია  მისთვის რას წარმოადგენს? უკრაინაში ხელმოცარულმა რევოლუციონერმა  ბედი ევროპაში სცადა, თუმცა, ევროპა საკუთარ პოლიტიკას მისნაირი ავანტიურისტებით არ მართავს.  ამიტომ, სააკაშვილის რეაბილიტაციის ერთადერთი გზა საქართველოში ჩამოსვლა დარჩა, თუნდაც ციხეში წასვლით. ის პიარ-ტექნოლოგიებს საუკეთესოდ ფლობს და ბუნებრივია, წამებულის მანტიასაც კარგად მოირგებს. თუმცა, სააკაშვილის ვაჟკაცობა ყველას გვაქვს ნანახი და ეყოფა თუ არა გამბედაობა ამისთვის, ეს ცალკე საკითხია”, – მიაჩნია დიმიტრი ხუნდაძეს.
​მისივე შეფასებით, სააკაშვილის ყოველ განცხადებას მისი პარტია რეალურ დასასრულამდე მიჰყავს. ამის ფონზე კი ძლიერდებიან “ნაციონალების” განაყოფი, რომელთა ღირებულებები და იდეოლოგია არ იცვლება.  “აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ხომ არ მუშაობს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“  ჩაძირვაზე და მისი განაყოფი პარტიების გაძლიერებაზე? კითხვა ლეგიტიმურია და პასუხს, ალბათ, მალევე კონკრეტული შედეგებით მივიღებთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები