“მიხეილ კალანდია, ციხეში პარლამენტის მიერ მოთავსებული გარიგების პროდუქტია” – ადვოკატი

“მიხეილ კალანდია არის საქართველოს პარლამენტის, მმართველი პოლიტიკური ძალის და ე.წ ოპოზიციის, კერძოდ “ევროპული საქართველოს” ერთობლივი გარიგებების შედეგად ციხეში მოთავსებული პროდუქტი. ეს გარიგება ემსახურება ერთადერთ მიზანს – “ოღონდ არ იყოს ბუნტი,”- აღნიშნული განცხადება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურა თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

ზურაბ თოდუას განცხადებით, გარიგების მიზეზი ზაზა სარალიძის გაჩუმება იყო, რადგან პერმანენტული აქციებით, ის საფრთხეს უქმნიდა ქალაქს.

ზურაბ თოდუა,  ხვალინდელ სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობასაც დააყენებს და სხდომის გასაჯაროებას მოითხოვს.

“მიხეილ კალანდიას დაკავებით  დააშოშმინეს სარალიძე, რომელიც ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქალაქს თავისი აქციებით. ამის გამო გაითამაშეს ეს სპექტაკლი. შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდიას დაერღვა დაცვის უფლება, დარღვეული აქვს შეჯიბრობითობის, თანასწორობის პრინციპი, რის საფუძველზეც, ხვალ, საქალაქო სასამართლოში სხდომა, რომელიც დახურულია, უნდა გასაჯაროვდეს. ერთ-ერთი მოთხოვნა არის სხდომის გასაჯაროება,”- განაცხადა ზურა თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატის თქმით, მას უამრავი კითხვა აქვს და ამ კითხვებზე საჯარო პასუხს ელოდება.

„თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის გასაჯაროება შეიძლება და არავის უფლებები არ ირღვევა, რა პრობლემაა საჯარო სასამართლო გამოძიების შემთხვევაში საქმის გასაჯაროება. იქ, ფაქტობრივად ცალმხრივ მდგომარეობაში მიმდინარეობდა საქმის გამოძიება. დღეს, მე, მის ოპონენტს, მის ოპოზიციურ მხარეს, მაქვს უამრავი შეკითხვა და მინდა საჯაროდ მოისმინოს საზოგადოებამ პასუხი. მით უფრო, რომ ხვალ იკითხება დაზარალებულის სახით ზაზა სარალიძე. მე მინდა საჯაროობის, თანასწორობის პრინციპით დაიკითხოს ჩემი მხარე და საზოგადოებამ გაიგოს იმ პასუხების შესახებ, რასაც დაზარალებული მხარე გასცემს“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ  „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მსგავსი თემები