მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, პროკურატურაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის მიმართ დევნის დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგაშვილის განჩინებას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ვალდებული იყო გიორგი ჯანაშიას და გოგა ბარბაქაძის სისხლის სასამართლოს საქმეზე მიღებული განაჩენი და საქმეზე არსებული სხდომის ოქმები გადაეცა ადვოკატისთვის.

„მოსამართლე შავლიაშვილმა არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით იგი ვალდებული იყო გადმოეცა ჩემთვის გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვარს მიღებული განაჩენი და ამავე სასამართლო სხდომის ოქმები. ეს დასჯადია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას. ჩემი ღრმა რწმენით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ დაკვეთასთან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გულმოდგინედ მალავს იმ საიდუმლო გარიგებას, რასაც ადგილი ჰქონდა გენერალურ პროკურატურასა და გიორგი ჯანაშიას შორის და რაც სავარაუდოდ, უნდა იყოს გამიზნული, რათა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მოიპოვონ რაიმე მტკიცებულება, შეასრულონ პოლიტიკური დაკვეთა და დააპატიმრონ ის. 15 იანვარს მე დავკითხე ეს ბავშვი სასამართლოში. მისი ჩვენება არის წმინდა გაგებით აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედი პირის მოქმედება. 28 იანვარს კი, მას მიცემული აქვს ჩვენება, რომლითაც მან აღიარა წინასწარი განზრახვით ჯგუფთან ერთად სარალიძის მკვლელობა. აქედან გამომდინარე ძალიან მაინტერესებს, 13 დღის განმავლობაში რა მტკიცებულება მოიპოვა სასამართლომ“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

მსგავსი თემები