“მიღწეულია შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება, რათა უჰანიდან, რომელიც დაავადების ეპიცენტრია, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის მზად ვიყოთ.

„საბჭოს შეხვედრა ემყარება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირებას და იმ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც ერთი კვირაა, ტარდება ჩვენი უწყებათაშორისი საბჭოს მხრიდან. აქ ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა უწყება. მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩვენი ქმედებები, რომლებიც ერთი კვირაა, ძალიან თანმიმდევრულად და მწყობრად მიმდინარეობს, შედეგობრივია და ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. დღეს მინდა, შევეხო იმ განვითარებულ მოვლენებს და პრობლემატიკას, რომელიც გზა და გზა შეიძლება, წარმოქმნილიყო. ამ დროისათვის, ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, მასმედიის საშუალებით, მოსახლეობას აწვდის დეტალურ ინფორმაციას და არის სრულიად გახსნილი, როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან მათი კორდინაციით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ჩვენ მზად ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების  ამ ცხელი წერტილიდან ევაკუაციისთვის. ამ დროისათვის მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები დატოვებენ ჩინეთს. ასევე, მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობა, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოდ კარგად ასრულებს თავის საქმიანობას. ჩვენი სასაზღვრო მუშაკები არიან საოცრად მობილიზებული და აეროპორტის თანამშრომლების მხრიდან გაწეული სამუშაო ეფექტურია”, – განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

მსგავსი თემები