“მიუღებელია, ოპოზიციას ლიდერი დაუნიშნოს ვინმემ, მით უმეტეს, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე“ – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე, მამუკა ხაზარაძეზე, როგორც ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერზე,  იმდენ იმედს არ ამყარებს, რამდენსაც ერთ დროს, ბიძინა ივანიშვილზე ამყარებდა. როგორც ფოფხაძემ  “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მას დანიშნული ლიდერების არ სჯერა.

“ლიდერობაზე საუბარი ჯერ ადრეა. ვისურვებდი, პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანი ხდებოდეს არა იმის მიხედვით, რომელ ბიზნესმენს ექმნება პრობლემა, არამედ, იმაზე, ვის რა პოლიტიკური იდეოლოგიის შეთავაზება შეუძლია ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილის მაგალითზე დამაფიქრებელია, ღირს თუ არა ძლიერი ფინანსური დაჯგუფების წარმომადგენლებს დაუჭირო მხარი პოლიტიკაში, რადგან გასარკვევია, რამდენად მისაღებია ხალხისთვის ასეთი პოლიტიკური ლიდერი. რაზე იფიქრებს ის უფრო, ხალხზე და ქვეყანაზე, თუ ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესზე. ვიღაცისთვის შეიძლება ლიდერი იყოს, მაგრამ მე დანიშნული ლიდერების არ მჯერა. ბიძინა ივანიშვილი რომ გვაძლევდა იმედებს და ვფიქრობდით, ფინანსურად ძლიერი ადამიანია, ბევრი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, ეს ქვეყნისთვისაც მეტს მოინდომებსო, ამ გამოცდილებიდან, მამუკა ხაზარაძე იმედს არ მაძლევს”, – განაცხადა ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ფოფხაძის თქმით, მხოლოდ საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, ვინ რისი გამკეთებელია, ამასთან, ლიდერმაც უნდა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები.

“როცა, ამ ბოლო დროს, იმაზე მიდის საუბარი, ვინ იქნებიან ოპოზიციურ ნაწილში გამოკვეთილი ლიდერები, ჩვენ მთავარ მოქმედ პირს – ქართველ ხალხს ვივიწყებთ. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ რისი გამკეთებელია. თავის მხრივ კი, ლიდერმა უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას ახლა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და აქამდე რატომ ჰქონდა სხვა პოზიცია”, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები