მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადა: – “მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება”

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებულმა, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა გუშინ, საღამოს ციხეში თავის მოკვლა სცადა.

როგორც ​სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ბრალდებულის მიერ სუიციდის მცდელობა დროულად აღკვეთეს, ხოლო  ფაქტზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გუშინ საღამოსვე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის N 115-ე მუხლით.

მათივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს კონსულტაცია გაიარა ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან.

” ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები.

მირზა სუბელიანის მიერ სუიციდის მცდელობას ადასტურებს მისი ადვოკატი, ეკა ხუციშვილი, რომელიც გლდანის N 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ეკა ხუციშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და განაცხადა, რომ მირზა სუბელიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა და მასთან არც ფარულ ჩანაწერებზე უსაუბრია.

ადვოკატის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი სტრესულ მდგომარეობაშია. ბოლო ოთხი თვეა სამარტოო საკანში იმყოფება. ამ ყველაფერმა მასზე უარყოფითად იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

“არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის დროსაც ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო”, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ დღეს, მირზა სუბელიანის კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბრალდებული სავარაუდოდ პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ პირობა მიიღო, ციხეში მხოლოდ ერთი წლით ჩასვამდნენ.

“მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ. ვზივარ სამარტოო საკანში და ლამისაა გამ…ე. სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირო?! არ არის ეს სწორი… გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც და ყველა… გამწირეს და რას მეუბნები, არ არის ასე? მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე“, – ამბობს სუბელიანი.

მას ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს: „შენ პირობა მიიღე იმაზე, რომ არავინ დაგჩაგრავდა. ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს არავინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი“.

მსგავსი თემები