“მინდა, თითოეულ ბავშვს ვუსურვო, უფრო სამართლიან უფრო თანასწორ, უფრო უსაფრთხო გარემოში ცხოვრება” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტერიტორიების ოკუპაციის გამო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი რჩება დევნილობაში.

მისივე თქმით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა სამუშაო დღის წესრიგშია.

„ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი ვერ ბრუნდება სახლში, ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ბრუნდება სახლში და რჩება დევნილობაში, რაც, ბუნებრივია, ბავშვების განვითარებაზეც ახდენს გავლენას. დგას საჭიროება ბევრი ბავშვისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე ასევე ჩვენი სამუშაო დღის წესრიგში რჩება. მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ გარემოს, რომელშიც ბავშვები იზრდებიან და სადაც მათ აქვთ უფლება, რომ ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ განმარტა, რომ არაერთი ბავშვი კვლავ საჭიროებს ძალადობისგან დაცვას.

„დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია ახალი სერვისის, ბავშვთა საკითხებზე შექმნილი ცხელი ხაზის – 111-ის მუშაობის შესახებ, რომელიც კონკრეტულად ბავშვის საკითხებისთვის შეიქმნა და ყველას, ვისაც ბავშვთან დაკავშირებით სურს გარკვეული პრობლემისა, თუ საკითხის მიწოდება, მასზე რეაგირება, შეუძლია, ისარგებლოს 111-ით.

ცხელი ხაზის მუშაობის პირველი შედეგები სწორედ დღეს განვიხილეთ და როგორც სახალხო დამცველმა თქვა, პრაქტიკულად, შემოსული ზარები და რეაგირების შემთხვევები ემთხვევა იმ საკითხებსა და პრობლემებს, რაც ასევე სხვადასხვა უწყებაში მიმართვიანობას ეხმაურება. თქვენც გთხოვთ, რომ მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ცხელი ხაზის მუშაობას, მიაწოდოთ ეს ინფორმაცია ყველას, ვისაც სჭირდება.

მე მინდა, თითოეულ ბავშვს ვუსურვო, უფრო სამართლიან უფრო თანასწორ, უფრო უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ჩვენ, როგორც პარლამენტი, გავაგრძელებთ მუშაობას, რათა აუცილებელი რეფორმები გატარდეს, გვქონდეს თანამედროვე კანონმდებლობა და ასევე იყოს რეაგირება ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ამ სამუშაო პროცესში გამოიკვეთება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები