“მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება” – სუს- ი დავით გარეჯზე

“დავით გარეჯის ირგვლივ გასულ წელს განვითარებულ მოვლენებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა.

„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, მუდმივად არის მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და მათი მიზანმიმართული დაზიანების მცდელობები. გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ცდილობდნენ, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.

აღნიშნულ კონტექსტში განსახილველია 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები. საკითხის გასამწვავებლად აქტიურად იყო გამოყენებული ე.წ. საინფორმაციო ომის მეთოდები. მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება, ასევე, პროვოკაციული მოწოდებებით, შექმნილი ვითარების „ოკუპაციის სიბრტყეში“ გადატანის მცდელობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დასტაბილურების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

„უწყება ჩართულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობაში, რომელიც ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღნიშნული საკითხის დარეგულირების ლეგიტიმურ ფორმატს წარმოადგენს. საფრთხეების მინიმიზაციის მიმართულებით, შესაბამისი რეკომენდაციები ეძლევა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ უწყებებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური დანაყოფები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებდნენ სასაზღვრო ზონის მიმდებარედ არსებული ოპერატიული ვითარების მონიტორინგსა და შესაბამის ოპერატიულ უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ასევე ცდილობდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მნიშვნელოვან პროცესებზე უარყოფითი გავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარეობდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.

როგორც ანგარიშშია ნატქვამი, 2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას. დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოსთან ძალისმიერი დაპირისპირების ფაქტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარეობდა ვითარების მონიტორინგი და ხორციელდებოდა დეესკალაციის ღონისძიებები.

„გასულ წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისების მცდელობებს. აღნიშნულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისა და აქტივობების საფარქვეშ, სამიზნე ჯგუფებში ხორციელდებოდა ანტიქართული განწყობების გაღვივებისა და საქართველოს სახელმწიფოსგან მათი დისტანცირების მცდელობა. ამავე დროს, პერიოდულად ვრცელდებოდა გაყალბებული ფაქტები და მიმდინარეობდა მითების შექმნა, რათა ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო.

საანგარიშო პერიოდში კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები