“მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე” – ირაკლი კობახიძე

მარიხუანას თემაზე მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის თემაზე დაწყებული ხმაურისა და დაპირისპირების გამო პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეაჩერა და მისი პარლამენტიდან გაწვევის საკითხი განიხილება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, პარლამენტი  
კანონპროექტის გაწვევაის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მთავარი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, გადამუშავებასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნებისთვის. კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა, რომლის პრინციპებია ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედება დაეკლესიისა და პატრიარქის განსაკუთრებული პატივისცემა.

ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკულისაშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლებაწაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე.

სამწუხაროდ, საზოგადოების ვნებათაღელვით ბოროტად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა მთავარი ნიშან-თვისებები სწორედ ადამიანის ღირსების უგულვებელყოფა და მისი შელახვის მცდელობა, ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნურავის მივცემთ ვნებათაღელვის თავის სასარგებლოდ ბოროტად გამოყენების საშუალებას. გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, რომლის თითოეული ნაბიჯი და განცხადება განმსჭვალულია სიბრძნით და რომელიც ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ.

მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისაგან.“

მსგავსი თემები