მთაწმინდის პარკში ბადრი პატარკაციშვილის ქანდაკება დაიდგა

თბილისის მთაწმინდის პარკში, ბიზნესმენისა და მეცენატის, ჰოლდინგის სს “ი-მედიას” დამფუძნებლისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის, ბადრი პატარკაციშვილის ქანდაკება დაიდგა.  ნამუშევრის წარდგინება პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.  ქანდაკების ავტორია მოქანდაკე ირაკლი ჟვანია.

მთაწმინდის პარკის დამსვენებლებს ცნობილი მეცენატის ქანდაკებასთან მიახლოება და ფოტოს გადაღება შეეძლებათ.

თბილისის ერთ-ერთი უძველესი პარკი, რომელიც წლების განმავლობაში გართობისა და დასვენების საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, ბადრი პატარკაციშვილმა 49 წლიანი არენდით აიღო და მის მშენებლობაში 25 მილიონი დოლარი ჩადო. მთაწმინდის პარკში ჯერ კიდევ სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობდა, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს, დედაქალაქის მაშინდელმა საკრებულომ, ბიზნესმენს არენდის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჩამოართვა.

2008 წელს ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. მთაწმინდის პარკი კი დაიხურა და იქ მიმდინარე სამუშაოები შეჩერდა. პატარკაციშვილის ოჯახსა და  საქართველოს ხელისუფლებას შორის ქონებრივი დავა 2011 წლამდე გაგრძელდა.

მთაწმინდის პარკი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და თბილისის მცხოვრებლებსა და მის სტუმრებს მასპინძლობს.

ცნობილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი 1955 წელს თბილისში დაიბადა.
1990-იან წლებში იგი რუსეთში ერთ-ერთ წამყვან ფინანსისტად ითვლებოდა, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ ცხოვრებაში.

2000 წელს თბილისში დააარსა დამოუკიდებელი საქველმოქმედო ფონდი “გამარჯვება”. მისი ხელშეწყობით ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა პალესტინის ქართული მონასტრის ფრესკები. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას.

მსგავსი თემები