მთაწმინდის არჩევნებში მონაწილეობაზე შალვა შავგულიძეც ფიქრობს

თბილისში, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატი, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი შალვა შავგულიძეც მიიღებს.

თავად შავგულიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

„საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ზოგადად, ამ საკითხზე გუნდში ვფიქრობთ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ გადაწყვეტილი მაქვს, ასე არ არის. მონაწილეობა-არმონაწილეობა დამოკიდებულია რაღაც-რაღაც ფაქტორებსა და კონფიგურაციებზე. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ აქტიურად განვიხილავთ. ხვალ, გერმანიაში მივემგზავრები და რომ დავბრუნდები, მომავალ კვირას, ყველაფერი მეცოდინება“, – განუცხადა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დეპუტატის სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი. ამ ეტაპისთვის, მთაწმინდის ოლქში დეპუტატობის კანდიდატები არიან: სოფიო ხორგუანი, კობა დავითაშვილი და გრიგოლ გეგელია, ხოლო, სავარაუდო კანდიდატები, რომელთაც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ: ანა დოლიძე, შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე.

მსგავსი თემები