“მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ​” – გიორგი გახარია

სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ სტიმულს, გააგრძელონ ან დაიწყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რითაც პირველ რიგში ადგილობრივ, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე შესაბამის ადგილს აუცილებლად დავიკავებთ და ეკონომიკას გავაძლიერებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქარელში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია „ქარელის ხილის“ საწარმოში დასაქმებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია წარმატებული წარმოების კარგი მაგალითია, ის ყოველწლიურად 75 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩირს აწარმოებს და პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გააქვს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ, ხოლო ფერმერებს შეფერხებების სწრაფად გადალახვის შესაძლებლობა მიეცეთ.

კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის – ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში 1ჰა ატმისა და 10ჰა ქლიავის ბაღები გააშენა და 50 ათას ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა. საწარმოს გაყიდვების საერთო მოცულობა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 65%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ის პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ჩირი შეფუთული სახით შესთავაზა. საწარმოში 45 ადგილობრივია დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრი საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი თემები