“მთავარი პრობლემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოა და არა კანონმდებლობა” – წერილი ვენეციის კომისიას

​სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტის, კახა კოჟორიძის შეფასებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში დღეს ორი პრობლემა არსებობს – კლანის არსებობა და კლანის პოლიტიკური მხარდაჭერა. საკანონმდებლო მოდელი იმდენად არ არის პრობლემური, რამდენადაც სასამართლო სისტემაში არსებული რეალობა, როდესაც ადამიანები ცდილობენ კანონი სათავისოდ გამოიყენონ.

როგორც კახა კოჟორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები მოამზადეს, რომელსაც ვენეციის კომისიას დღეს გაუგზავნიან.  

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოვლენ, შეხვდებიან დაინტერესებულ საზოგადოებას, შეისწავლიან კანონპროექტს და წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს. ​

“​ჩვენი მოსაზრებები, რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი არის კონტექსტის აღწერა, რა პრობლემებია არსებულ კანონპროექტში და შეთავაზებები, რაზეც გვინდა ვენეციის კომისიის ყურადღება გავამახვილოთ. ქართულ მართლმსაჯულებაში პრობლემები 10-15 წლის წინ დაიწყო, როდესაც სასამართლოში კლანური მმართველობა ჩამოყალიბდა. კლანური მმართველობით მართავდა სასამართლოს წინა ხელისუფლება, შემდეგ გადაიბარა ეს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და ეს სიტუაცია გრძელდება. ჩვენ უნდა ავუხსნათ ვენეციის კომისიას, რომ მთავარი პრობლემა დღეს არის არა კანონმდებლობაში, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.  

მისივე თქმით, “მერსედესი” კარგი მოდელის ავტომობილია, მაგრამ მასზე თუ დასვამ ცუდ მძღოლს, რომელიც არ იცავს საგზაო წესებს და ნასვამ მდგომარეობაში მართავს საჭეს, ცხადია, ჩვენ პრობლემას დავეჯახებით. 

” ამ საკანონმდებლო მოდელს გამოიყენებს ეს კლანი, როგორც აქამდე იყენებდა. ცდილობენ გავლენიან თანამდებობებზე დანიშნონ ან საკუთარი თავი, ან ის ადამიანები, რომელზეც გავლენის მოხდენაც მათ შეუძლიათ. ამიტომ, მოლოდინი იმისა, რომ 10-კაციანი სია, რომელიც აქამდე იყო წარმოდგენილი, ამ კანონპროექტის შემდეგ აღარ იქნება, რა თქმა უნდა მეამიტობაა, შეიძლება რამდენიმე სახელი და გვარი შეიცვალოს, მაგრამ არ შეიცვლება კლანის დამოკიდებულება სიტუაციისადმი”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ “მთავარში”. 

მსგავსი თემები