“მთავარი გამორჩა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არის ის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჩართულია ამ თემაში” – სოფიო კილაძე ბასილაშვილის თემზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საზოგადოებას მოუწოდებს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, ზედმეტი აჟიტირებისგან თავი შეიკავონ და მცირეწლოვანი შვილის ფაქტორი გაითვალისწინონ. როგორც კილაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, დოროყაშვილს და ბასილაშვილს ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი, რომელიც სამომავლოდ, სავარაუდოდ, ინტერნეტში წაიკითხავს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას, რამაც შესაძლოა ბავშვის მომავალს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

„ამ საზოგადოებრივი დისკუსიების და ბევრი ლანძღვის ფონზე, მგონია, რომ ყველაზე მთავარი გამორჩა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არის ის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჩართულია ამ თემაში. მგონია, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რჩება ინტერნეტსივრცეში და როცა ეს ბავშვი გაიზრდება, გარკვეულ ასაკს მიაღწევს, დიდი ალბათობით მას მოუწევს ამ ყველაფრის წაკითხვა, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ამ ბავშვის მომავალს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შევიკავოთ ამ ყველაფერზე ზედმეტად აჟიტირებისგან. რა თქმა უნდა, ქალთა მიმართ ძალადობა და ზოგადად, ძალადობა ჩვენს რეალობაში რომ სერიოზული პრობლემაა, ამაზე, მე მგონი, საზოგადოების დიდი ნაწილი ვთანხმდებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. ალბათ, აჯობებს, რომ ყველა ერთად, მთელი საზოგადოება გავუფრთხილდეთ ამ ბავშვს, ისევე როგორც ყველა ასეთი ტიპის საქმეებში ჩართულ ბავშვებს, იმიტომ, რომ ამ ბავშვების მომავალზე შეიძლება ამდენმა დისკუსიამ და ამდენმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ სერიოზულად ცუდი გავლენა იქონიოს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მსგავსი თემები