“მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ” – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას

„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ“, – ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენელებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენს.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სწორედ ბავშვთა სიკვდილობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

„პიკური მაჩვენებელი ბავშვთა სიკვდილიანობის 0-დან 5 წლამდე იყო 2009 წელს და დღეს, საბედნიეროდ, ეს არის მნიშვნელოვნად დაკლებული, უახლოვდება საერთო ევროპულ მაჩვენებელს და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრისას, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ხშირად, ოჯახები უარს ამბობდნენ ბავშვის ყოლაზე იმიტომ, რომ ელემენტარულად არ ჰქონდათ მშობიარობის გადასახდელი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა – შობადობის დაფინანსების პროგრამა, რის შემდეგაც რამდენიმე ასეულმა ათასმა ოჯახმა იყოლია ბავშვი და ამის საფასური გადაიხადა სახელმწიფომ, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 2014 წელს შემოღებული იქნა შობადობის წამახალისებელი პროგრამა – ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა.

„ეს იმ კრიზისულ რეგიონებში და ასეთი შვიდი რეგიონია, სადაც სიკვდილობა ჭარბობს შობადობას და ეს პრობლემა დაწყებულია სწორედ იმ პერიოდში, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში. ასევე, დავიწყეთ ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც პროგრამულად აფინანსებს ორსულებს იმ მედიკამენტებით, რაც მნიშვნელოვანია მათთვის. ანუ, ჩვენ ბავშვებზე ვზრუნავთ ჩანასახშივე“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამების შემდეგ, ქვეყანაში აბორტების რიცხვი შემცირდა.

მსგავსი თემები