“მზიურში“ ტბა, საბავშო მოედნები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა

თბილისში, “მზიურის პარკი“ მოწესრიგდება და სრულიად განახლდება. შეიქმნება საბავშო სივრცეები, ხელოვნური ტბა, მოეწყობა საფეხბურთო, ველობილიკის და სკეიტბორდის მოედნები. ასევე, დასასვენებელი პავილიონები. ბავშვთა ქალაქი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი განთავსდება.

„მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა არავის მოგვწონს. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს პარკის ტერიტორია სერიოზულად დაზიანდა. ვფიქრობ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული მწვანე სივრცეებითა და დენდროლოგიური პროექტით, „მზიური“ დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

მსგავსი თემები