“მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ასევე ცალკეულ პარტიებს” – კახა კალაძე

“ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ყველას ერთად, მათ წარმომადგენლებს. მზად ვართ, ასევე შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობა აქვთ. ამის პრობლემა არ არსებობს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

„ჩვენ მოვუწოდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამას მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა – აშშ, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და კონსენსუსის მიღწევა. თუ ისინი არ დათანხმდებიან და ვერ მიიღწევა კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით. ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო 100/50-ზე, რომელიც არის ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გარკვეული საკითხები, რომელიც შესათანხმებელია დიალოგის დროს და არა ბრიფინგებითა და ინტერვიუებით. შესაბამისად, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, რომ შეთანხმება იყოს მიღწეული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები