“მზად ვართ, ავსახოთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობაში” – არჩილ თალაკვაძე

„პარლამენტი მუშაობს ეუთოს რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებისთვის. ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად, სრულად ითვალისწინებს ეუთოს რეკომენდაციებს და ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური პოზიცია არის, მაქსიმალურად ავსახოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები იმ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელიც უნდა განხორციელდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

მმართველი გუნდის სურვილი და მზადყოფნა – უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პროცესში პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროცესი კონსტრუქციულად, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ცვლილებების განხორციელება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან მაქსიმალური შეთანხმებით მოხდეს.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ იმ ცვლილებებს, რომელიც საარჩევო კოდექსში და პარტიების შესახებ კანონში, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების მიხედვით უნდა შევიდეს. იმსჯელებენ პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლის, მედიაზე წვდომის და საეთერო დროის განაწილების, საარჩევნო კამპანიის ჩატარების წესებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას მართავს.

ორი დღის განმავლობაში, ჯგუფის წევრები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ იმსჯელებენ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, ასევე, მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.

პოზიციების შეჯერების შემდეგ, მომზადდება საკანონმდებლო პაკეტი და მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში.

მსგავსი თემები