მეწარმეებმა ბიზნესის განსავითარებლად უპროცენტო სესხები მიიღეს

სამეგრელოსა და შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა 18-მა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმემ, ბიზნესის განვითარებისათვის უპროცენტო სესხები მიიღო. სასესხო კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისა“ და „ქემონიქს ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლები შედიოდნენ, შემოსული 30-მდე ბიზნეს განაცხადი განიხილეს.

უპროცენტო სესხის მაქსიმალური ოდენობა 5000 ლარია. ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი წინადადებები ბიზნესის სხვადასხვა სფეროს მოიცავდა – ყვავილების მოყვანა, სათბურის გამართვა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, იონჯის მოყვანა, კენკროვანი კულტურების მოყვანა, მეხილეობა, სამკერვალო სალონი, სილამაზის სალონი, სარიტუალო სერვისი, საოჯახო სასტუმრო, ხე-ტყის დამუშავება, სტომატოლოგიური კლინიკა და სხვა.

როგორც პროექტის მენეჯერმა, დავით გუჩუამ “მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბიზნეს წინადადებები, რეგიონების მიხედვით განსხვავებულია: „შიდა ქართლიდან შემოსულ ბიზნეს წინადადებებში ჭარბად არის მეხილეობა და კენკროვანი კულტურების მოყვანა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ამ რეგიონში მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია აგრო ბიზნესით. მეხილეობა შიდა ქართლში ტრადიციული მიმართულება გახლავთ, ხოლო კენკროვანი კულტურები აქ შედარებით ახალია. რაც შეეხება სამეგრელოს, აქ აქტუალურია საოჯახო სასტუმროები. ესეც ბუნებრივია, ვინაიდან ტურისტული სეზონი სამეგრელოში მალე დაიწყება და ადგილობრივი მეწარმეები სამზადისში არიან და წინასეზონურ სამუშაოებს ატარებენ“.

რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, როგორც გუჩუა აცხადებს, ერთ-ერთი კრიტერიუმი პროექის მდგრადობაა: „ძირითადი კრიტერიუმებია:  ბიზნეს იდეის სიცოცხლისუნარიანობა, მდგრადობა, კონკურენტუნარიანობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი, კრედიტუნარიანობა და სხვა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ გაცემული უპროცენტო სესხის გავლენა მათ ბიზნესის განვითარებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აქამდე USAID zrda პროექტის ფარგლებში 80-ზე მეტი უპროცენტო სესხი გავეცით და დაკვირვება გვიჩვენებს, ჩვენი ბენეფიციარები მოგებას საშუალოდ 50 %-ით ზრდიან“.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. USAID-ს ფინანსური ხელშეწყობით საერთო ჯამში სამეგრელოსა და შიდა ქართლის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 150 მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე მიიღებს უპროცენტო სესხს.

მსგავსი თემები