სალომე ზურაბიშვილი მეფის სასახლეში არ უნდა მართავდეს ინაუგურაციას – გიორგი ლომია 

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში, მეფე ერეკლე II -ის სასახლეში გამართვის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი არ არის ქართველი მონარქების შთამომავალი, ხოლო მისი პრეზიდენტად არჩევა, ქართველი ხალხის იძულებითი გადაწყვეტილება იყო.

როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 28 ნოემბრის არჩევნებზე მან იძულებითი არჩევანი გააკეთა ცუდსა და უარესს შორის და ასევე მოიქცა “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერთა უმრავლესობა. შესაბამისად ლომია თავს ვალდებულად არ მიიჩნევს დაესწროს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.

“მე არ მივალ ინაუგურაციაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევანი გავაკეთეთ ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არჩევანი არ არის სალომე ზურაბიშვილი და შესაბამისად ინაუგურაციაზე არ მივალ, თუმცა “პატრიოტთა ალიანსიდან” ვინ და რომელი ლიდერი მივა, ეს მათი საქმეა. არ მიმაჩნია, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და მისი არჩევაც იძულებითი გადაწყვეტილება იყო. ლეგიტიმაცია, რომელიც მას ჩვენმა მოსახლეობამ გამოუცხადა, იძულებითია”, – აცხადებს ლომია.

მისივე მოსაზრებით, ინაუგურაციის ცერემონიალის კახეთში გამართვის გადაწყვეტილება თბილისში, ოპოზიციასთან დაპირისპირებისა და არეულობისგან თავის არიდებას ისახავს მიზნად.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი გიორგი ლომია მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს უმადურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის ზურაბიშვილმა მადლობა “ქართულ ოცნებას” და საკუთარ ოჯახს გადაუხადა და ხალხისთვის მადლობის გადახდა დაავიწყდა.

“ერთხელ ბიუროზე “ქართული ოცნების” დეპუტატებს ვუთხარი, რომ ძალიან უმადური ხალხია,  მადლიერების გრძნობა არ გაგაჩნიათ – მეთქი. სალომე ზურაბიშვილს ნდომა რომ გამოუცხადა ქართველმა ხალხმა გახსოვთ მისი პირველივე ბრიფინგი, როცა თქვა, რომ ყველას უხდის მადლობას და მერე თქვა: – მინდა მადლობა გადავუხადო “ქართულ ოცნებას” და ჩემს ოჯახსო. არც “ქართულ ოცნებას” და არც მის ოჯახს მისთვის არ გაუკეთებია იმდენი, რაც გაუკეთა ქართველმა ხალხმა. პირველ რიგში და ყოველთვის პრეზიდენტი მადლობას უნდა უხდიდეს ქართველ ხალხს, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილი”, – მიაჩნია გიორგი ლომიას.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამართულ პირველივე ბრიფინგზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის მთელს ქართულ საზოგადოებას და განაცხადა, რომ პირველივე დღეებში დიალოგს გამართავს საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელმაც მას მხარი არ დაუჭირა.

“მედიაცენტრი მთავარი” შეგახსენებთ ამონარიდს მისი გამოსვლიდან: “ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა: თანამებრძოლები, თანამოაზრეები, თითოეული მხარდამჭერი, საზოგადოება, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა. მადლობელი ვარ იმ პარტიის რომელმაც მხარი დამიჭირა. მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, რომლებმაც კიდევ უფრო განმიმტკიცეს რწმენა იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა მოითმინო, მაგრამ არ უნდა დათმო მთავარი პრინციპები. ეს მიზანი ჩემი კი არ არის, ეს არი ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი. ძალიან მალე მივაღწევთ თანამედროვე, განვითარებულ, გაძლიერებულ და გაღიმებულ საქართველოს”.

მსგავსი თემები