„მეფის“ მხარეს სასამართლომ „დედოფლისთვის“ 15 000-ის გადახდა დააკისრა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სარჩელით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. საქალაქო სასამართლომ ანა ბაგრატიონის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, მან, ყოფილი მეუღლისგან 15 000 ლარი უნდა მიიღოს და გარდა ამისა, სადავო, ერთ-ერთი მანქანა თანაბრად უნდა გამოიყენონ.

როგორც დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, განაჩენი აბსურდულია, რადგანაც, შეუძლებელია, ყოფილი ცოლ-ქმარი საერთო მანქანით დასეირნობდეს.

„მოსამართლემ  ძალიან გაურკვეველი გადაწყვეტილება გამოიტანა.  “ჯიელი”-ს ტიპის ავტომანქანიდან 15 ათასი ლარი დაგვაკისრა, “პორშე კაიენი” შუაზე გაყო და “ბე-ემ-ვეს” ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. გამოდის, რომ “ჯიელისთვის” ქალბატონ ანას 15 ათასი ლარი უნდა გადავუხადოთ, „პორშე კაიენი” კი თანასაკუთრებაა. ჩვენ არ ვართ თანახმა,  ეს თანხა გადავიხადოთ“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“  ლევან ჩხეიძემ.

მისივე შეფასებით,  უფრო მისაღები იყო, მოსამართლეს სარჩელი მთლიანად დაეკმაყოფილებინა. მანქანების დანაწევრება კი წარმოუდგენელია: „მოსამართლეს, რომ ეთქვა სულ გადასახდელია-ო გავიგებდით. თუ მან ჩათვალა, რომ „ბე-ემ-ვე” არ არის გასაყოფი, იგივე არგუმენტებით, მაშინ რატომ არის გასაყოფი “პორშე კაიენი”.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონების სამოქალაქო დავა სამ მანქანას ეხება.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს ძვირადღირებულ ავტომობილებს – „პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“ ედავება. დედოფლის მხარემ, აღნიშნული ქონება 190 000 ლარად შეაფასა და ყოფილ მეუღლეს მისი ნახევარი – 90 000 ლარი მოსთხოვა.

მსგავსი თემები