მეუფეს სექსუალურ ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით ეპარქიაში განცხადება გაკეთდა  

წილკნისა და დუშეთის  მიტროპოლიტ ზოსიმეს  წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ამავე ეპარქიის წევრი, მამა დავით ოქრუაშვილი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა,  წმინდა და ხელშეუხებელი აღარაფერი დარჩება.

„მედიაცენტრი მთავარი“  მამა დავითის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორ უნდა გძულდეს ეკლესია და შენი ერი, რომ ასეთი ცილისწამებისა და ბოროტებისთვის გაიმეტო. მავანს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ამით პიროვნებებს კი არა, მთლიან ეკლესიას ებრძვის… ალბათ, ეშმაკსაც აოცებს დაცემული ადამიანების ბოროტება, რომლის ფსკერიც უკვე უსაზღვროა…

ის, ვინც წლების წინ მეუფე ზოსიმეს მიუგზავნეს, მუხლებდაჩოქილები ითხოვდნენ პატრიარქისგან შენდობას, მეუფესთან მისვლას როგორ გავბედავთო. ყველა მათგანი მწარედ დაისაჯა იმ ცილისწამების გამო, ვერც ერთი ვერ შედგა პიროვნულად, დღემდე იმკიან მართალი ადამიანის ცილისწამების შედეგს. არცერთი მათგანი საქართველოს ეკლესიის წიაღში არ არის და კაცმა არ იცის, ვის ან როგორ ემორჩილებიან…

ერეტიკოსებისა და უღირსი მღვდელმსახურების ბედი ეკლესიის ისტორიაში ნათლადაა ცნობილი და ყველას პასუხი გაეცემა, ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც… ბოროტს დამონებული ადამიანების, დაცემული ბრალდებები არ მიკვირს, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილისა გამკვირვებია, რომელიც მზადაა, ჯვარზე გააკრას ყველა, ვისაც კი სიტყვიერად ბრალს დასდებენ…

და არასოდეს ვიძიებთ იმას, ვინ არის ბრალმდებელი…
ჩვენ უკვე გამოვიარეთ კომუნისტური ბნელი ათეიზმი, რომლის შედეგს დღემდე მწარედ ვიმკით და ახლა უარესი უღმერთობისკენ მივიწევთ ჩვენივე ნებით, სადაც წმინდა და ხელშეუხებელი აღარაფერი დარჩება.  ასეთ გარემოში აღზრდილი საზოგადოება გინდათ სწორედ, ზომბირებული, ადვილად სამართავი. “წაართვი ადამიანს რწმენა და მერე ყველაფერს ირწმუნებს ის”. ესაა ბოროტის მიზანი და სამწუხაროდ, ძალიან დიდი სისწრაფით ვითარდება.


ჩვენ, ვინც მეუფის სამწყსო ვართ და მის წინ გავიზარდეთ, არც კერპთაყვანისმცემლები ვართ, არც ბრმა და უგრძნობი, რომ ვერ გაგვეგო, ვინაა ჩვენი მღვდელმთავარი. როდემდე უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც ყველას ყველაფრის დაბრალება და ცილისწამება შეუძლია? მეუფე ზოსიმეს წარსული და განვლილი გზაც ნათელია საზოგადოებისთვის და მათიც, ვინც ეკლესიას პოლიტიკა არჩია!
“უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა” (იოვ.15.18)- აცხადებს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო სემინარიის ყოფილ ლექტორს, წილკნისა და დუშეთის  მიტროპოლიტ ზოსიმეს მამა გიორგი სხილაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და კონკრეტულ ფაქტსაც ასახელებს.

https://mcm.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91/?fbclid=IwAR0WZe1PSgyt55Nm1SAaLjDq_BvVhjxreQ-X4AxLKO_Cxo0PlRAkjbSMfC4

მსგავსი თემები