“მეტროში ჭერი ინგრევა, ავტობუსები დაფახფახებს” – ოპოზიცია ზონალური პარკირების იდეას იწუნებს

თბილისის ტურისტულ ნაწილში ზონალური პარკირების ფასიანი სისტემის შემოღებას, დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები იწუნებენ და აცხადებს, რომ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.    

როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, დედაქალაქის მერია მოქალაქეებს გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებად საზოგადოებრივ ტრანსპორტს სთავაზობს, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. “მეტროში ჭერი ინგრევა, ყვითელ ავტობუსები – დაფახფახებს და იწვება”, – აცხადებს იგი.

ხაბეიშვილი თბილისის მთავრობას ურჩევს, ჯერ ევროპული სტანდარტის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შექმნას და შემდგომ გამართოს მსჯელობა ზონალური პარკირების იდეაზე.  

“დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ერთი წლის წინ კომპანია “სითი პარკი” რატომ გაიყვანა?! საპარკინგე ადგილები არ არისო, ჯარიმა და საურავი მაღალია, ავტომობილები გადაჰყავთ საჯარიმოზე და თბილისელებს კისერზე აწვებაო. რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში? ჯარიმა და საურავი იგივე დარჩა, საპარკინგე ადგილები არ შეემატა ქალაქს, სერვისი გააძვირა კალაძემ და ამაზე ტაში დააკვრევინა თბილისელებს. შესაბამისად, ამ ინციატივას არ ვემხრობით”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

​აღსანიშნავია, რომ თბილისის ცენტრალურ ადგილებში საათობრივი პარკირების შემოღება, რომლის განხორციელებაზეც დედაქალაქის მთავრობამ მუშაობა დაიწყო, თბილისის გენგეგმის  ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რაც მიზნად ისახავს, ქალაქის ქუჩების საათობით გაჩერებული ავტომობილებისგან გამოთავისუფლებას და მოქალაქეებისთვის თანაბარი გარემოს შექმნას. 

როგორც გენგეგმის ჯგუფის წევრები განმარტავენ, მსოფლიოში მიღებულ ნორმალურ სისტემად ითვლება ის, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული საპარკინგე ადგილების 20% მუდმივად თავისუფალი იყოს, ხოლო 80 % დაკავებული. ადამიანებმა უნდა შეძლონ, პარკირების ადგილები აუცილებელი საჭიროებისთვის გამოიყენონ.

გენგეგმის ჯგუფმა თბილისის მერიას საპილოტე პროექტის განხორციელება დედაქალაქის ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ზონაში, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) შესთავაზა. მერიის გადაწყვეტილებით, საპილოტე პროექტი პირველი ივლისიდან, კოტე აფხაზის ქუჩაზე განხორციელდება და პარკირება სავარაუდოდ 50 თეთრი ეღირება, ხოლო ქუჩის მცხოვრებლებისთვის უფასო იქნება.  

მსგავსი თემები