მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა – ბიძინა ივანიშვილის მიმართვა

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ მიმართ აკისრია. რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან არ გაუმჯობესდა მათი ყოფა, მაგრამ ამის მიუხედავად, დაუშვებელია საშუალება მიეცეს იმ ძალას, ისარგებლოს ხელისუფლების შეცდომებით, რომლსაც “სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის”, – აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერი მადლობა უხდის ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც, 28 ოაქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა “ქართულ ოცნებას” და ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერათ მათი.

“დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია. მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების; მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა; უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს; ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა. ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე “, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე შეფასებით, საქართველო დღეს ისტორიულ გზაგასაყართან დგას, არსებობს მცდარი გადაწყვეტუილების მიღების მაღალი რისკი, თუმცა ამავე დროს ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი.

ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ კვლავ მოუწია პოლიტიკაში დაბრუნება, რადგან ხედავდა, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს.

“არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას და ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად: თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ, მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად. ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად ჰპირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია.

2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ: სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალია მედია, განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა; ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონული ლიდერობა და მრავალი სხვა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისადმი მიმართვაში.

მსგავსი თემები