მერია ტაქსის მძილებს ალტერნატივას სთავაზობს

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრას სთავაზობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როგორც გადაღებვა, ისე თეთრი ფირის გადაკვრა ტაქსის მძღოლებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვება.

„როდესაც დავიწყეთ ამ რეფორმაზე ფიქრი და მუშაობა, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით ტაქსის მძღოლების სოციალურ მდგომარეობას. ამიტომ, გადაღებვის თანხები ტვირთად რომ არ დააწვეს მათ, ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს გადაღებვის სამუშაოების დაფინანსებას. ტაქსის მფლობელებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომანქანების გადაღებვა, თუმცა მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეიძლება გადაღებილი ავტომანქანა წლების შემდეგ ისეთ ფასად ვერ გაყიდონ, როგორც მათ სურთ. ამ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თუ გადაღებვა არ სურთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ მანათობლები, ასევე, დედაქალაქში გამოყოფილია საპარკინგე ადგილები, რომლითაც უფასოდ ისარგებლებენ ამ კატეგორიის ტაქსები.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებისთვის თბილისის მერიის ახალი რეგულაციები მიუღებელია და მისი ამოქმედების ვადის გადაწევას ითხოვენ.

მსგავსი თემები