მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებითვის 2 600 კვ თეთრ კარკასს შეისყიდის

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადდა. აღნიშნული განცხადება  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების კუთხით, დედაქალაქის მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქის ის მთავრობა ვართ, რომელმაც ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეს პრობლემა უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რის გამოც, დაზარალებულად 3 000-ზე მეტი ოჯახია ცნობილი.  ცხრა მიწის ნაკვეთზე უკვე გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა და საერთო ჯამში, დაზარალებულ ოჯახებს 58 300 კვადრატული მეტრის თეთრი კარკასის საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ამჟამად, სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთებზეა გამოცხადებული, რომელთა ჯამური ფართობი 5 616 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„ყველა დაინტერესებულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღოს. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 28 თებერვლის 18:00 საათია. ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ყველაზე მეტ საცხოვრებელ ფართს შესთავაზებს. გადასაცემი ფართების (თეთრი კარკასის მდგომარებით) მინიმალური ოდენობა 2 600 კვადრატული მეტრია. დარწმუნებული ვარ, ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთით ძალიან ბევრი კომპანია დაინტერესდება, რომლის შედეგადაც, დაზარალებულ ოჯახებს დავეხმარებით და საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები