მერია, დიღომში მიწისზედა მეტროს მშენებლობას განიხილავს 

თბილისის მერია, რაიონებში კვლევას ატარებს, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთება, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ზოგიერთ რაიონში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მერიაში განიხილება დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობა.

“უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს. შესაბამისად, კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება კვლევა და ძალიან მალე  სრული სურათი გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ​სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა,რომ მეტროსადგურის სრული პროექტი 2019 წლის ბოლოს მზად იქნება.

მსგავსი თემები