მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა თბილისის საკრებულოში

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მხატვარ ანდრო კანდელაკის (1916-1988წწ) მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ანდრო კანდელაკი მხატვარი, ილუსტრატორი, ომის მხატვარი და კარიკატურისტი იყო. ის მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი 20-მდე ნამუშევარი სწორედ ომის პერიოდში არის შესრულებული.

გამოფენა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა და მას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, მხატვარ ანდრო კანდელაკის შვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„მეორე მსოფლიო ომში საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო. გადავწყვიტეთ, ეს გამოფენა მიგვეძღვნა ყველა გმირისთვის, ვინც იბრძოდა ამ ომში,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოსთვის დიდი პატივია ასეთი გამოფენის მასპინძლობა.

„9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებით მივაგებთ პატივს ამ თარიღს. ძალიან საინტერესო ფორმატია და მოხარული ვარ, რომ სწორედ საკრებულო მასპინძლობს ამ გამოფენას,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

 

მსგავსი თემები