მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს ის დანაშაული გააცნო, რის გამოც, პროკურატურა ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეწყვეტას ითხოვს.

როგორც გულუაშვილმა აღნიშნა, მელიას ბრალი ედება, იმაში, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა.

„ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობით სასჯელის სახით უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანგრძლივი ვადით. მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ. ბრალდებული მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე ასევე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით და მისი გამოყენებით 2017-2018 წლებში ექვსჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მხედველობაში ვიღებთ რა ბრალდებულის საზღვარგარეთ ვიზიტებს, მისი მხრიდან დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობას და საზღვარგარეთ გამარტივებული პროცედურებით გადაადგილების ფაქტს, მის ფინანსურ შესაძლებლობებს, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკანორ მელიას თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას, საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, –  აღნიშნა პროკურორმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.  

იმ საფრთხიდან გამომდინარე, რომ მელიას შეუძლია ზეწოლა განახორციელოს მოწმეებზე, ან მიიმალოს საზღვრებს გარეთ, პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს.  

„ნიკანორ მელიას ბრალი ედება, რომ მან შეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში. რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, არსებობს საფრთხე ნიკანორ მელიამ გამოკითხულ და გამოსაკითხ მოწმეებზე მოახდინოს ზეგავლენა, შევიდეს მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენებები“, – აღნიშნა პროკურორმა.

მსგავსი თემები