“მედიაცენტრი მთავარის” საგანგებო განცხადება მედიაორგანიზაციაში შეჭრასთან დაკავშირებით

მივმართავ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, აიღონ პასუხისმგებლობა „მედიაცენტრ მთავარში“ მათი „ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლების შეჭრასთან დაკავშირებით და დაგმონ მომხდარი ფაქტი – ძალადობა დამოუკიდებელ მედიაზე;

მივმართავ უფლებადამცველ არასამთავობო ორგანიზაციებს, გააკეთონ მომხდარი ფაქტის შეფასება და დაიცვან დამოუკიდებელი მედიის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და პროფესიული საქმიანობა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია;

მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, მოახდინონ ფაქტის შეფასება და დაიცვან დამოუკიდებელი მედია.

რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, დღეს (27.11.2019) უკვე მეორედ, საინფორმაციო საშუალება „მედიაცენტრ მთავარში“ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლები შემოიჭრნენ. მათ „მედიაცენტრ მთავარს“ არ მისცეს მუშაობის საშუალება, ასევე, სტუმარს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, რომელიც „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას მართავდა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო შეხვედრა უბრალოდ ჩაშალეს უკიდურესი დესტრუქციით.

უკვე მეორედ მოხდა „მედიაცენტრ მთავარში,“ კერძო მედიასაშუალების ოფისში უცხო პირების შეჭრა პრესკონფერენციის ჩაშლის მოტივით.

„მედიაცენტრ მთავართან“ დაკავშირებით, სახეზეა მორალური ზიანი, რეპუტაციული ზიანი, ინფრასტრუქტურული ზიანი და პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა. გარდა აღნიშნულისა, ამ ადამიანებმა პრობლემები შეუქმნეს იმ ადამიანებსაც, რომლებიც სწორედ იმ ოფისში მუშაობენ, სადაც განთავსებულია „მედიაცენტრი მთავარი“. მათ მედიაცენტრთან არანაირი კავშირი აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ საოფისე სივრცეს ვიყენებთ და ერთ შენობაში ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, „მედიაცენტრი მთავარი“ იძულებულია, დროებით შეწყვიტოს პროფესიული საქმიანობა.

„მედიაცენტრი მთავარი“ ემიჯნება ძალადობის ყველანაირ ფორმას. ჩვენთვის მიუღებელია როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და არ ვამართლებთ ძალადობის არანაირ მეთოდებს. ის, რაც დღეს „მედიაცენტრ მთავარის“ ოფისში მოხდა, ყოველგვარი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას სცილდება.

 „მედიაცენტრი მთავარი“, როგორც მედიასაშუალება, ღია იყო ნებისმიერი ადამიანისათვის, არასამთავრობო სექტორისთვს, უფლებადამცველებისთვის თუ პოლიტიკური პარტიისათვის, ვისაც პრესკონფერენციის ჩატარება სურდა. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ისე საინიციატივო ჯგუფები, ორგნიზაციები თუ კერძო პირები, საკმაოდ ხშირად სარგებლობდნენ აღნიშნული მედია სივრცით. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ გასცდებით სამართლებრივ ფორმებს, მით უმეტეს, როცა საუბარია კერძო ორგანიზაციაზე და მედიასაშუალებაზე. ქვეყანაში დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება, ისევე, როგორც ინფორმაციის გაცემისა და მიღების უფლება! გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა სხვისი თავისუფლების ჩახშობით სცდება ყველანაირ სამართლებრივ ფორმას. ყოველივე ხელს უშლის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. მსგავსი ქმედებებით, გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ერთი ჯგუფის პრივილეგიაა?

პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო, „მედიაცენტრი მთავარის“ საქმიანობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია სარგებლობს და უსარგებლია „მედიაცენტრი მთავარის“ საინფორმაციო სივრცით. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ რიგითი ადამიანი, რომელსაც მედია სივრცის გამოყენება სურდა, ვერ იტყვის რომ მას ეს შესაძლებლობა არ მიეცა. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ მიკერძოებული ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამომხატველი მედია. დღევანდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ გამოხატვის თავისუფლების გაგება ქვეყანაში სელექციურია და ვითხოვთ მხარდაჭერას, რათა სწორედ ეს ფუნდამენტური უფლება, “მედიაცენტრი მთავარის” სახით არ დაირღვეს, არ შედგეს სელექცციური სამართლის პრეცედენტი.

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატია და თავისუფალი მედია არ გულისხმობს საინფორმაციო სივრცის მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის დათმობას. მედია ვალდებულია, გააშუქოს და საინფორმციო სივრცე დაუთმოს ყველას თანაბრად. სიტყვის თავისუფლება ყველასთვის – სწორედ ეს არის „მედიაცენტრი მთავარის“ მთავარი ღირებულება, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვეძლევა. დაირღვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, რომელიც მთავარი ღირებულებაა და ასევე, მოხდა შემოჭრა კერძო საკუთრებაში.  

მე, როგორც დამსაქმებელს პასუხისმგებლობა მაქვს დასაქმებულთა წინაშე, რაც მავალდებულებს, რომ მათი უფლებებიც დავიცვა. ვითხოვ საქმის ობიექტურ შეფასებასა და თანადგომას, რათა განვაგრძო კონსტიტუციით მონიჭებული შრომის უფლება.

„მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორი ეკა გულუა

მსგავსი თემები