„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, მოსამართლეების დამტკიცება გადაიდო

საქართველოს პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხი 11 დეკემბერს არ გაიმართება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ წყარომ აცნობა, საკითხი 1 დღით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების კენჭისყრა პარლამენტში 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო. აღნიშნულ საკითხს პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი ბოიკოტს უცხადებს და კოლეგებს მოუწოდებს, საპარლამენტო დარბაზი დატოვონ და მოსამართლეები საპარლამენტო უმრავლესობასთან მარტო დატოვონ.

11 დეკემბერს, საპარლამენტო ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პარლამენტის ბლოკირებასაც გეგმავდნენ.

საკითხის გადადების მიზეზად ის სახელდება, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მოსამართლეების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს. არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14 კანდიდატის მხარდაჭერას აპირებს. როგორც დეპუტატებმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადეს, ისინი გადაწყვეტილებას საკუთარი სინდისიდან გამომდინარე მიიღებენ.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს.

მხოლოდ ერთადერთი კანდიდატის მხარდაჭერას აპირებს დეპუტატი მირიან წიკლაური: „ჯერჯერობით გადაწყვეტილი მაქვს, ერთ ადამიანს დავუჭირო მხარი. ეს არის შალვა თადუმაძე. დანარჩენი ჯერ გადაწყვეტილი არა მაქვს. შეიძლება, კიდევ ერთს ან ორ კანდიდატს დავუჭირო მხარი, რაც შეეხება ბოიკოტს, მე ბოიკოტის აზრს ვერ ვხედავ“ – განუცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

უმრავლესობის წევრი დეპუტატების შეფასებით კი გადამწყვეტი მოსამართლეების წარსული საქმიანობა იქნება. სწორედ ყოფილი ხელისუფლების დაკვეთების შესრულება ის ერთ-ერთი მოტივატორია, რის გამოც, დეპუტატთა ნაწილი მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს.  

მსგავსი თემები