“მეგონა, მოსამართლეთა სიაში, „ქართულ ოცნებას” მეტი კვოტა ექნებოდა და ნაკლები „კლანს“ – კახა წიქარიშვილი

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარის, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრის კახა წიქარიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარმოდგენილ სიაში, არსებული კანდიდატების უმრავლესობა „კლანის“ წევრია და მხოლოდ ორი კანდიდატია „ქართული ოცნების“ კვოტით.

როგორც კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლეთა წარმოდგენილ სიაში, დამოუკიდებელი კანდიდატი არცერთია და „კლანთან“ ბმა ყველას აქვს.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს სია იყო მოსალოდნელი. იმ წინა პირობებიდან გამომდინარე, რაც არსებობდა. დამოუკიდებელი იურისტები ვაცხადებდით, რომ შეიქმნებოდა სია, რომელშიც ადგილს გაიყოფდნენ „კლანი“ და „ქართული ოცნება“. უბრალოდ მეგონა უფრო მეტი „ქართული ოცნება“ იქნებოდა წარმოდგენილი და ნაკლები „კლანი“. თუმცა, აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ კვოტა ცოტაა და „კლანის“ მეტი. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, რომ ან „კლანისგან“ იყოს თავისუფალი ან „ქართული ოცნებისგან,“ ასეთი ადამიანი ამ სიაში საერთოდ არაა. ამ სიაში „კლანთან“ რაღაცა ბმა ყველას აქვს. ზოგი ძალიან გადაჯაჭვულია “კლანთან” ზოგი ნაკლებად” – განაცხადა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კაციან სიაში არის 2 წევრი, შალვა თადუმაძე და მამუკა ვასაძე, რომელიც შეიძლება, „კლანს“ გულზე არც ეხატება, მაგრამ იძულებულია ჩასვან, რადგან ეს „ქართული ოცნების“ პირდაპირი მოთხოვნაა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კაციანი მოსამართლეების სია პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. მათი კანდიდატურის განხილვა კი პარლამენტში გაგარძლდება. 

მსგავსი თემები