“მეამბოხე და კვალიფიციური ადამიანი გატყდა და ახლაც ხმას არ იღებს” – კახა წიქარიშვილი ნინო გვენეტაძეზე

მოსამართლეთა სადისციპლინო კომისიის ყოფილი წევრი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ვერ გაუძლო, სასამართლო სისტემაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს შექმნილი კლანური მმართველობის ზემოქმედებას, “შეუდრეკელი, წესიერი და კვალიფიციური ადამიანი გატყდა” და სწორედ ამიტომ დატოვა თანამდებობა. 

კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე 2016 წლამდე პერიოდი გაიხსენა და ნინო გვენეტაძის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.  

მისივე თქმით, ნინო გვენეტაძე ცნობილია როგორც მეამბოხე მოსამართლე, რომელიც არ ექვემდებარება ზემოქმედებას. თავის დროზე, სწორედ ამ კრიტერიუმით წარადგინა ის ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. მიზანი სასამართლოს რეპუტაციის აღდგენა იყო.

“ლიდერი თუ პრინციპული და შეუდრეკელია, სისტემაც პრინციპული და შეუდრეკელი იქნება. ნინო გვენეტაძე თავდაპირველად წინააღმდეგობას უწევდა კლანს, მაგრამ საბოლოოდ იმ დონეზე დაემორჩილა, რომ ჩინჩალაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. ჩვენს თვალწინ მოტყდა, შეუდრეკელი, წესიერი და კვალიფიციური ადამიანი. ის ჩუმად გაიპარა სასამართლოდან და ახლაც ხმას არ იღებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვერ გაუძლო ამ კლანის ზემოქმედებას და ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მოსამართლედ აირჩევა, ის რანაირად გაუძლებს”, – აცხადებს კახა წიქარიშვილი.  

მისივე ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ნინო გვენეტაძემ მას, ჩინჩალაძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის მომზადება სთხოვა იმის საფუძველზე, რომ ჩინჩალაძეს წლების განმავლობაში განსახილველი საქმეები ჰქონდა დარჩენილი.  

“სადისციპლინო კომისიაში მუშაობის გამოცდილება მქონდა და გვენეტაძეს არ ვურჩიე დისციპლინური დევნის დაწყება. იმიტომ, რომ ჩინჩალაძეს ვადა ეწურებოდა და მალე უნდა წასულიყო სისტემიდან, გარდა ამისა, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუჭერდა მხარს ამ დისციპლინურ დევნას, იმიტომ, რომ ჩინჩალაძე მთლიანად აკონტროლებდა იმ დროისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს განწირული ნაბიჯი იყო”, – განაცხადა ნინო გვენეტაძის ყოფილმა მრჩეველმა, კახა წიქარიშვილმა  “მთავარში”. 

​რაც შეეხება მურუსიძეს, მისი გავლენის შესასუსტებლად ნინო გვენეტაძემ დამოუკიდებელი ინსპექტორის პროექტი შეიმუშავა.

“დამოუკიდებელი ინსპექტორის პროექტი ერთად დავწერეთ და ავამუშავეთ. ერთ-ერთი მიზანი იყო მურუსიძისთვის ჩამოგვეცილებინა დისციპლინური უფლებამოსილებები. მურუსიძე მაშინ, დისციპლინური დევნის უფლებით იყო აღჭურვილი. 2015 წლის შემდეგ, საკანონმდებლო მექანიზმებით მოხდა ამ კლანის ხელშეწყობა. ამ კლანმა 2013 წელს იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობა მოხსნა. იმავდროულად თავმჯდომარეს აუკრძალეს საბჭოში პოზიციის დაკავება. კლანი ძირითადად, თავმჯდომარეების მეშვეობით მართავდა სასამართლოს. ასევე, შემოვიდა კანონპროექტი, რომ მომხდარიყო თავმჯდომარეების ვადამდელი გათავისუფლება და მათი ახალი წესით არჩევა. პირდაპირ ჩანს, რომ კანონმდებელი იყო განწყობილი ამ კლანის წინააღმდეგ. 2015 წელს, გვენეტაძემ, რომელიც მხარს უჭერდა თავმჯდომარეების ვადამდელ გათავისუფლებას, მითხრა, – უკან უნდა დავიხიოთ, იმიტომ, რომ მთავრობა ამას გვეუბნებაო. მეორე დღეს, მოსამართლეთა კონფერენციაზე გააკეთა განცხადება, რომ თავმჯდომარეებს ვადაზე ადრე უფლებამოსილება აღარ შეუწყდებოდათ. ეს მისი მხრიდან, უკან დახევა იყო, რასაც მოჰყვებოდა კლანის მხრიდან შეტევები”, – აცხადებს კახა წიქარიშვილი. 

მისივე თქმით, 2015 წლის ბოლოდან, ნინო გვენეტაძის მოდრეკის ეპოქა დაიწყო.

მსგავსი თემები