მდინარე არაგვის ნაგავსაყრელად ქცეული ნაპირი ტურისტებმა აღმოაჩინეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ფასანაურსა და ანანურს შორის მდებარე სოფელ მენესოსთან, მდინარე არაგვის ნაპირი ნაგავსაყრელად არის ქცეული. დაბინძურებული ტერიტორია უცხოელმა ტურისტებმა აღმოაჩინეს, რომლებსაც მდინარის ნაპირზე ჩასვლა და სურათების გადაღება სურდათ.

უცხოელები ნანახმა აღაშფოთა და გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ქვეყნის ბუნების მიმართ გულგრილია.

ტერიტორია დაბინძურებულია ძირითადად სამშენებლო ნაგავითა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით: ხის ნახერხით, ძველი საწოლებით, პოლიეთილენის პარკებით, პლასტმასის ჭურჭლით და სხვა.

ძლიერი წვიმისას ნაგავი არაგვში ჩაირეცხება, ხოლო მდინარის ადიდების შემთხვევაში შესაძლოა მთელი ეს მასა წყალს შეერიოს. არაგვიდან კი სასმელი წყლით თბილისი მარაგდება.

ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია სატრანსპორტო ​გზიდან არ მოსჩანს.

​აღსანიშნავია ისიც, რომ მდინარე არაგვის ამ ნაწილს ხშირად სტუმრობენ ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობის,  რაფტინგის, ანუ ჯომარდობის  მოყვარული ტურისტები თუ  ქართველი მოჯომარდეები.

ვითარების ამსახველი ფოტო ადგილიდან მიკა ვარძიელმა მოგვაწოდა.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები