„მაღალჩინოსნის ჩარევით, 100%-ით გამართლებულები, ცრუ ბრალდებით ციხეში დააბრუნეს“ – ადვოკატების პროტესტი

„სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ჩარევითა და ინტერესებით, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრი და ახლობელია, სააპელაციო სასამართლომ საქმე რადიკალურად შეცვალა და 100%-ით გამართლებულები ციხეში დააბრუნა. არსებობს ფაქტები, რომ სასამართლო სხდომებს სის-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და აკონტროლებდნენ. ძალიან სამწუხაროა, როცა სუს-ის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრს, რომელიც ამბობს, რომ დაზარალებულია, ჩანაწერებში თვითონ ამბობს, რომ ქურდული სამყაროს წევრები მისთვის ავტორიტეტები არიან”, – აღნიშნული გაცხადება ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ჯგუფურ  გამოძალვაში ბრალდებული პირების ადვოკატები, ტარიელ კაკაბაძე და ირაკლი ჩომახაშვილი, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იმის გამო, რომ დაზარალებული სუს-ის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია, აშკარად იგრძნობა მოსამართლეზე გავლენის მოხდენა. მიუხედევად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდებულთა წინააღმდეგ მტკიცებულებები, მაგრამ დასტურდება თავად დაზარალებულის კავშირში ქურდულ სამყაროსთან, სააპელაციო სასამართლომ ისინი კვლავ პატიმრობაში დააბრუნა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბრალდებულების ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ბრალდებულების მხრიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ქონია.
“პირველი ინსტანციის სასამართლომ, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ეს ადამიანები არ სცნო დამნაშავედ და სამივე პირი სრულად გაამართლა. მაგრამ, მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ ისინი კვლავ პატიმრობაში დააბრუნა. მოხდა ისე, რომ უდანაშაულო ადამიანები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულებით ირკვევა, რომ თავად დაზარალებული ახდენდა პროვოცირებას და თავად ის იყო კავშირში ქურდული სამყაროს წევრებთან. შემიძლია მოვიყვანო უამრავი ციტატა მათი საუბრიდან, რომელიც საქმეში არსებობს. “გლეხოვიჩი”, “გია”, ჩემთვის ავტორიტეტია, – ამბობს დაზარალებული, მაშინ, როდესაც ბრალდებულები ამბობენ, რომ მსგავს არავის იცნობენ”, – აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

ადვოკატების ინფორმაციით, საქმეში დევს ფარული ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ დაზარალებულს არც ერთი ბრალდებული დამუქრებია, ის თავად ახდენდა მათ პროვოცირებას.

“მოსამართლე ვერ შეძლებს ამ განაჩენის დასაბუთებას, ამაში დარწმუნებული ვარ. პროკურატურამ გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, თითქოს იარაღით ღიად ემუქრებოდნენ ბრალდებულები დაზარალებულს. პროკურატურის განცხადება დაზარალებულის მტკიცებულებას ეწინააღმდეგება”, – აცხადებს ადვოკატი.
დაცვის მხარის ადვოკატები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოებას გააცნობენ მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, აუდიო ჩანაწერებსა და ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულების მხრიდან არანაირი ზემოქმედება არ დასტურდება.

“საკმაოდ ბევრი ადვოკატია ამ საქმეში ჩართული და აუცილებლად დავაყენებთ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს ვინც მონაწილეობდა რაიმე სახის უკანონო ქმედებაში. ძალიან სამწუხაროა, როცა სუს-ის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრს, ანდრია ლილუაშვილს, რომელიც ამბობს, რომ დაზარალებულია, თავად ჩანაწერებში თვითონ ამბობს, რომ ქურდული სამყაროს წევრები, მისთვის ავტორიტეტები არიან”, – აცხადებენ ადვოკატები.

საქმე ეხება ჯგუფურ გამოძალვში ბრალდებულებს – რობერტ ჟორჟოლიანს, კობა ფანგანს და ბერდია ჯაფარიძეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებული ანდრია ლილუაშვილი (სუს-ის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი) იყო კობა ფანგანის ბიზნეს პარტნიორი და მართებდა გარკვეული თანხა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მათ მოუვიდათ ერთმანეთში კამათი, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. მოჩხუბრები გააშველეს ბრალდებულებმა რობერტ ჟორჟოლიანმა და ბერდია ჯაფარიძემ. რამდენიმე დღის შემდეგ კი დაზარალებულმა საჩივრით მიმართა საგამოძიებო ორგანოს და ფანგანს დააბრალა, თითქოს ფულს სძალავდა. არადა, ადვოკატების ინფორმაციით, თვენახევრის განმავლობაში დაზარალებული თავად ხვდებოდა ბრალდებულებს და მათ პროვოცირებას ცდილობდა. „თავად დაზარალებული ახსენებდა „კაი ბიჭებს“, „ქურდებს“ და აღიარებდა რომ მათ სიტყვას პატივს სცემდა“ – აღნიშნეს ადვოკატებმა.

ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრალდებულები კი არათუ ძალადობას იჩენდნენ, არამედ პირიქით- ცდილობდნენ დაეთანხმებინათ დაზარალებული კობა ფანგანთან შერიგებაზე: „ესაუბრებოდნენ ძმობაზე, მეგობრობაზე და იმაზე, თუ როგორ გადაეწყვიტათ ფანგანსა და ლილუაშვილს (დაზარალებულს) შორის კონფლიქტი. მთელი ამ დროის განმავლობაში არ არის ნათქვამი არც ერთი სიტყვა ბრალდებულთა მხრიდან, რომელიც მიანიშნებს მუქარას, თანხის გამოძალვას ან სხვა რაიმე დანაშაულის ჩადენას.

სასამართლოში დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ცრუ ჩვენება, თითქოს მას ფულს სძალავდნენ ამ შეხვედრის დროს და ემუქრებოდნენ. დაზარალებული ასევე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი იყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს. სასამართლოში გამოვიკვლიეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალები და ნათლად ჩანს საპირისპირო – ბრალდებულები საერთოდ არ ემუქრებიან დაზარალებულს, ესაუბრებიან მეგობრულად და ცდილობენ დაითანხმონ შერიგებაზე. საუბარია ნათლია-მირონობაზე, ძმობაზე და მეგობრობაზე.

დაზარალებული სასამართლოში დაკითხვის დროს ამბობს, რომ ბრალდებულებმა თითქოს ქურდებით შეაშინეს, ჩანაწერებში კი ჩანს პირიქით – რომ დაზარალებული თავად ესაუბრება ქურდებზე, უხსენებს ქურდების სახელებს და თავად ბრალდებულები ეუბნებიან რომ არ იცნობენ ქურდებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნათლად დაინახა ბრალდებულთა უდანაშაულობა და ისინი გაამართლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ კი შეასრულა მაღალჩინოსანთა დაკვეთა, გააუქმა გამამართლებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა ისე, რომ არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებდა ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე, პირიქით- მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მაშინ როდესაც დაზარალებული ცდილობდა მათ პროვოცირებას, ბრალდებულები არანაირ მუქარას არ ახორციელებდნენ, არანაირ ფულს არ სძალავდნენ და პირიქით- მხოლოდ შერიგებაზე, მეგობრობაზე ელაპარაკებოდნენ.“

დაცვის მხარე გეგმავს საქმეში არსებულ მტკიცებულებები, ჩანაწერები და სრული მასალები მედიას გააცნოს, საიდანაც ბრალდებულთა უდანაშაულობა და თავად დაზარალებულის მიერ განხორციელებული პროვოკაცია გამოკვეთილია.

როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ჩაბარებისთანავე ისინი უზენაეს სასამართლოს მიმართავენ და უკანონო და უსამართლო განაჩენის გაუქმებას მოითხოვენ.

მსგავსი თემები